თავში

საგანი, რომელიც სკოლაში პრიორიტეტული უნდა გახდეს

საგანი, რომელიც სკოლაში პრიორიტეტული უნდა გახდეს
საგანი, რომელიც სკოლაში პრიორიტეტული უნდა გახდეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაში (2017-2021) წერია, რომ "ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც აქვს რეალური ცხოვრებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, მზად არის აკადემიური, საზოგადოებრივი და შრომითი აქტივობებისთვის, შეუძლია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა და არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე აქტიური და კონკურენტუნარიანი მოქალაქე."

დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე განათლების სფეროში არსებული პრობლემები ხშირად ჩრდილშია მოქცეული და პრიორიტეტად აღიარებულ მიმართულებაზე უფრო ნაკლებად საუბრობენ, ვიდრე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე. სამყაროს განვითარების სწრაფი ტემპი და ტექნოლოგიების განვითარება აუცილებელს ხდის,  გადავხედოთ იმ მეთოდებს, რომლებიც ორიენტირებულია "თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომელსაც აქვს რეალური ცხოვრებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები". Report.ge დაინტერესდა თანამედროვე ტენდენციებით, იმ მიმართულებებით, რომლებიც ახლო მომავალში მოთხოვნადი იქნება სამუშაო ბაზარზე და უნარჩვევებით, რომლებსაც პრიორიტეტს მიენიჭებენ დამსაქმებლები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით ბავშვების 65%, რომლებიც ახლა შედიან სკოლებში, მომავალში ისეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან, რომლებიც ჯერ საერთოდ არ შექმნილა. ეს სიახლეს სულაც არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამუშაო ბაზარზე ცვლილებები ბუნებრივი პროცესია. მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუციის დროს უამრავი ახალი ტიპის სამუშაო ადგილი შეიქმნა და ბევრი არსებული კი გაუქმდა. 1790 წელს აშშ-ის მოსახლეობის 90% აგრიკულტურის სფეროში იყო დასაქმებული და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2008 წლის მონაცემებით აშშ-ში აგრიკულტურის სფეროს 2%-ზე ნაკლები ადამიანი თუ შემორჩებოდა. საგულისხმოა  ისიც, რომ ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე გაქრა. თუ უკანასკნელი 140 წლის მონაცემებს გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით. 

მიუხედავად ამისა, მომავლის ტექნოლოგიები ტოვებს განცდას, რომ ეს ტენდეცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგან AI-ის, იგივე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები იმგვარად იზრდება, რომ მექანიკური, რუტინული სამუშაოების შესრულებას ახლო მომავალში ის ადამიანებზე უკეთ შეძლებს. AI-ის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ერთ-ერთი ლიდერი კვლევითი ორგანიზაციის (Gartner) პროგნოზით, 2021 წელს დასაქმებულების 25% ვირტუალური ასისტენტების სხვადასხვა ფორმებს გამოიყენებენ.  ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება მომავალი, თუმცა თანამედროვე ადამიანი გამოწვევებისთვის და ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოს. ის მომზადებული უნდა შეხვდეს ციფრული სამყაროს მიერ "შეთავაზებულ სურპრიზებს".

ციფრული სამყარო სულ უფრო მეტად და სწრაფად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და ყველა სიკეთეებთან ერთად, შლის გეოგრაფიულ საზღვრებს. ტრადიციული გაგებით დასაქმების ცნება იცვლება და  ვირტუალური სივრცეები სულ უფრო მეტად მკვიდრდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, დისტანციურად გაწიონ გარკვეული სახის სამუშაოები, თუნდაც ერთი ქვეყნიდან მეორეში, სახლიდან გაუსვლელად. მსოფლიოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება დისტანციური დასაქმების ონლაინ პლატფორმები, ე.წ. „ფრილანსინგი“. “Forbes-ის“ მონაცემებით, ფრილანსერთა რაოდენობა ამერიკაში 2027 წლისთვის დასაქმებულთა 50 %-ს გადააჭარბებს. მათ მიერ შესრულებული სამუშაოები კი უმეტესად სხვადასხვა პროგრამულ მომსახურებას მოიცავს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით განათლების მიღების მნიშვნელობა სამყაროში განუზომლად დიდი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ თუ მომავალი თაობის კონკურენტუნარიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ვისახავთ მიზნად, მაშინ განათლების ეს მიმართულება პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სკოლის დამთავრების შემდეგ საბაზისოდ მაინც ეცოდინებათ კომპიუტერული პროგრამირების ენები, ვიზუალური პროგრამები, იქნება ეს JAVA, Python-ი, C#, Photoshop-ი, After effects-ი თუ სხვა, მათ სამსახურის მოძიება ნაკლებად გაუჭირდებათ და ანაზღაურებაც საქართველოს სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალი ექნებათ. მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა ეს საუკეთესო გამოსავალი იყოს ქვეყანაში უცხოური თანხის მობილიზებისთვის, შედეგად კი დასაქმების პრობლემის და ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევისათვის. 

მისასალმებელია, რომ სკოლებში ინერგება საგანი - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), თუმცა რამდენად ენიჭება მას მნიშვნელობა, ეს სხვა საკითხია. Report.ge-იმ მცირე კვლევა აწარმოა და 5 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე გამოჰკითხა. მათი პასუხებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ "ისტ-ის" მიმართ ბავშვებს დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, თუმცა მაინც მეორეხარისხოვან საგნად მიიჩნევენ. 

"ზოგიერთი მასწავლებელი ძალიან დიდი ინტერესით უდგება ამ საკითხს და ბავშვებიც ერთვებიან სწავლის პროცესში. ჩვენი პედაგოგი თავიდან გვასწავლიდა, მაგრამ მერე პლანშეტში რომ ჩახტებოდა აღარაფერი აინტერესებდა. ჩვენ გაკვეთილზე ხან ავდიოდით ხან არა", - გვითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ. 

მართალია, 5 მოსწავლის გამოკითხვით რეალური სურათის დადგენა შეუძლებელია, თუმცა გარკვეულ განწყობას ქმნის. უფრო ყურადსაღები პასუხები ამ საკითხთან დაკავშირებით მშობლებს ექნებათ და საინტერესო იქნება სრულფასოვანი კვლევის ჩატარება. 

იმისთვის, რომ დაგვედგინა ციფრული ტენქოლოგიების როლი სწავლის პროცესში, ჩვენ კერძო, ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორს, ირმა მესხიშვილსაც ვესაუბრეთ. 

დირექტორის თქმით, ეს საკითხი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო გახდა და სწავლების ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა უკეთ დაგვანახა. მისი თქმით, კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში განათლების მიღებას ამარტივებს და უფრო მასშტაბურს ხდის, ასევე ამ სფეროში ათვისებული უნარჩვევები მომავალ პროფესიულ საქმიანობაში მოსწავლეებს საგრძნობლად დაეხმარებათ.

"ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით საზღვრები იშლება, ეს გზას გვიხსნის თავის დამკვიდრებისათვის. შენ უკვე არა მხოლოდ შენი ქვეყნის მოქალაქე ხარ, არამედ მსოფლიოს მოქალაქეც ხდები რაც მოტივაციას გაძლევს, რომ მეტად ეცადო დაიმკვიდრო საკუთარი თავი, მეტი ისწავლო, იშრომო და უფრო დიდ, კონკურენტულ სივრცეში გახვიდე", - განაცხადა ირმა მესხიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლებს მეტი შესაძლებლობა და ინტერესი აქვთ უკეთ აღიჭურვონ კომპიუტერული ტექნოლოგიებით, უკეთ მოაწყონ ინფრასტრუქტურა, ირმა მესხიშვილის თქმით პროფესიონალი კადრების მოძიება ამ სფეროში ძალიან რთულია. 

"ძალიან მცირე რაოდენობით არიან სპეციალისტები, რომლებიც გადაამზადებენ თუნდაც პედაგოგებს. მთელს თბილისში პროფესიონალის პოვნა ძალიან რთულია, შესაძლოა ასეთი მხოლოდ 5-6 ადამინი იყოს, რომლებიც სკოლაში იმუშავებენ. ისინი სხვა სფეროში არიან დასაქმებულები და სკოლებისთვის რთულია მაღალი რანგის პროფესიონალი კადრის მოძიება", - თქვა მან. 

დირექტორის განმარტებით, ცხადია პრობლემების მოგვარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამის განხორციელება სახელმწიფომ უნდა ითავოს და ნომერ პირველ პრიორიტეტადაც აქციოს. 

შესაძლოა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ მოსახლეობს ნაწილი სკეპტიკურად იყოს განწყობილი, მაგრამ სამყარო მუდმივად იცვლება. ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ვართ, რაც საშუალებას გვეძლევს, მაქსიმალურად ჩავერთოთ განვითარების პროცესში და თავადაც მივიღოთ მასში მონაწილეობა, ამისთვის კი სათანადო გზამკვლევი გვჭირდება და ეს როლი ზოგადი განათლების დაწესებულებებმა უნდა მოირგონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system