თავში

შეიზღუდება თუ არა პოლიტიკური რეკლამები Facebook-ზე

შეიზღუდება თუ არა პოლიტიკური რეკლამები Facebook-ზე
შეიზღუდება თუ არა პოლიტიკური რეკლამები Facebook-ზე

Facebook-ს და მის შემქმნელს, კომპანიის დაარსების დღიდანვე არ აკლდა კრიტიკა, თუმცა ბოლო პერიოდში მარკ ცუკერბერგის და "პირწიგნაკის" მიმართ ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობაა გამოცხადებული. აშშ-ში უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სოციალური ქსელების როლი პოლიტიკურ სივრცეში ნათლად გამოჩნდა. შტატების შიდა სამზარეულოში ჩახედვა საჭირო ნამდვილად არაა, ქართველი მომხმარებელიც კარგად გრძნობს სოციალური ქსელის  და უფრო მეტად Facebook-ის როლს ამ მიმართულებით. მარკის მიმართ კრიტიკას ისიც ამძაფრებდა, რომ კონკურენტმა  Google-მა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის პოლიტიკური რეკლამები შეზღუდა. Twitter-მა კი ის საერთოდ აკრძალა და ამ ყველაფრის ფონზე Facebook-ისგანაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ელოდნენ. მარკ ცუკერბერგის აზრით, კი ის სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას და ფიქრობს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ინფორმაცია,  ცენზურის გავლას არ საჭიროებს. 

მარკის და მისი ოპონენტების პოზიციები გასაგებია. Facebook-ის თავკაცის აზრით, პოლიტიკური რეკლამების შეზღუდვა, თუნდაც ის ცრუ ინფორმაციის მატარებელი იყოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპანიის შემოსავლების შეზღუდვაზე. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ უამრავი ცრუ ინფორმაციის გაანალიზებას საზოგადოება უბრალოდ ვერ ახერხებს და შედეგად არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო იქმნება. 

ცივილური სამყარო საკმაოდ საინტერესო "დილემის" წინაშე კვლავ აღმოჩნდა. რთულია, შეზღუდო თავისუფალი სიტყვა და ასევე რთულია ეს არ გააკეთო იმისთვის, რომ სიცრუის გავრცელება შეზღუდო. ყველა ხვდება, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად ფულიანი პოლიტიკოსები გაწყვეტილ სინდისის ძარღვს არ შეიხორცებენ და ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი, ალბათ მხოლოდ იდეალურ სამყაროში არსებობს, თუმცა მარკ ცუკერბერგი ნამდვილად ეცადა და ის Facebook-ის სარეკლამო პოლიტიკას შეცვლის, თუმცა არც რეკლამის შინაარსი გაივლის ცენზურას და არც მისი გამვრცელებლები შეიზღუდებიან.

Google-ის და Тwitter-ისგან განსხვავებით, მარკმა პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვის პრივილეგია თავად მომხმარებელს დაუტოვა და ამგვარად, ჩვენზე იქნება დამოკიდებული შევამცირებთ თუ არა მიზნობრივ პოლიტიკურ რეკლამებს საკუთარ სივრცეში. "მეტი გამჭვირვალება და კონტროლი პოლიტიკურ რეკლამებზე," - ასეთი სათაურით ავრცელებს ინფორმაციას Facebook. ასე რომ,  ტყუილ-მართალის გარჩევაში არც მარკ ცუკერბერგი და არც ვინმე სხვა დაგვეხმარება, ეს კვლავ ჩვენს პრივილეგიად რჩება და ცუდი არ იქნება, თუ ყოველ ახალ ინფორმაციას მეტად გავაანალიზებთ და კრიტიკულ პრიზმაშიც გავატარებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system