თავში

19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა ორი ე
19 წლის პაციენტის  გარდაცვალების საქმეზე  შესაძლოა ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

"მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე", - ამის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

"ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი",- აღნიშნავენ ადამიანის უფლებატა ცენტრში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინსიტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე და ყველა კითხვაზე ოჯახს მიაწოდოს დროული და ამომწურავი პასუხი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისტვის, 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში „გერმანულ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system