თავში

23 წლის მარიამი საფრანგეთში უკანასკნელ დღეებს ითვლის -,,დავეხმაროთ, შვილებთან ცოცხალი დაბრუნდეს"

23 წლის მარიამი საფრანგეთში უკანასკნელ დღეებს ითვლის -,,დავეხმაროთ, შვილებთან ცოცხალი დაბრუნდეს"
23 წლის მარიამი საფრანგეთში უკანასკნელ დღეებს ითვლის -,,დავეხმაროთ, შვილებთან ცოცხალი დაბრუნდეს

ჯერ მხოლოდ 23 წლისაა... ბოლო 3 წელი კლინიკებში გაატარა... მარიამ ძაგნიძის დიაგნოზი იონგის სარკომაა, რომელიც მთელს ორგანიზმს მოედო და ორი შვილის დედა ბოლო დღეებს ითვლის... ახლა საფრანგეთშია და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან ფეხზე ვერ დგება და აპარატის გარეშე ვერ სუნთქავს. რეანომობილით გადმოყვანა კი 35 000 ევრო ღირს...

მარიამი უკურნებელ სენთან ბრძოლაში მარცხდება. ახლა მხოლოდ იმას ოცნებობს, მონატრებამაც არ დაამარცხოს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზურგის არე ეტკინა, მერე ნერვის ანთებაზე უმკურნალეს, ტკივილი რომ არ ჩაცხრა და ,,სერიოზულ კვლევაზე“ გაგზავნა შესთავაზეს, გაირკვა, რომ ძვლის კიბო აქვს...

ამოუღეს ბეჭის ძვალი, გაუკეთეს დასხივება, 30 ქიმიო-თერაპიის კურსს გაუძლო... ექიმები ამბობდნენ, რომ ძვლის ამოღების შემდგომ მეტასტაზები შეაჩერეს და მარიამმა გაიმარჯვა... თუმცა, რამდენიმე თვეში მეტასტაზებმა თავი ისევ იჩინეს და სწრაფი გავრცელება დაიწყეს.

,,დიაგნოზი როგორც კი დაისვა, მკურნალობა მაშინვე დავუწყეთ. ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს, არც ჩვენ და არც მარიამის მეუღლის ოჯახს, არც ახლობლებსა და სახელმწიფოს ძალები არ დაუშურია, რომ საქართველოში გავმკლავებოდით მკურნალობის ძვირადღირებულ კურსს, თუმცა ყველამ ამოვწურეთ შესაძლებლობა და ამიტომ, გადავწყვიტეთ მარიამი საფრანგეთსში გაგვეშვა. ბოლო რესურსი მოვიძიეთ და დეკემბრის ბოლოს გაფრინდა მეუღლესთან ერთად. ლიონში ჩაბარდნენ ლტოლვილად. აღარ მოვყვები ტკივილებით გაწამებულს რისი გავლა მოუხდა-ზამთარში, ღამით, ქუჩაში, კლინიკის ფოიეში ღამისთევა, უფულობა, შიმშილი... მაგრა მარიამმა გაუძლო... ძალიან უნდოდა სიცოცხლე და გაუძლო... მხოლოდ 5 თვის შემდეგ მოხერხდა მკურნალობის დაწყება... დაუწყეს მკურნალობა, მაგრამ საბოლოოდ ითქვა, რომ დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება და გადარჩენის შანსი აღარ არსებობს“,- ყვება მარიამის დედა, სოფიო გალდავა.

მარიამის დედა თურქეთში მუშაობს. როგორც ამბობს მეგობრებმა თანხა შეუგროვეს და სასწრაფოდ გაფრენა დაგეგმა, თუმცა თურქულმა მხარემ საფრანგეთში გამგზავრებაზე უარი უთხრა, რადგან სამუშაო ვიზა არ ჰქონდა. ვეღარც ბილეთები დააბრუნა და თანხაც დაეკარგა.

მარიამს საქართველოში 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დედა და ოჯახი აქ ელოდება და მათი საბოლოო სურვილია მარიამი ცოცხალი ნახონ.

,,შვილი მიკვდება, მე კარანტინში ვარ, რადგან თურქეთიდან ვარ გადმოსული, მის შვილებს ატირებულს ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ. თანხა ისეთი დასახელდა ჩამოსაყვანად, ამას ვერაფრით გადავიხდით, სულ რომ ყველაფერი გავყიდოთ. ისევ ხალხის, ისევ ხელისუფლების იმედი გვაქვს, გთხოვთ უმორჩილესად, იქნებ შევძლოთ, იქნებ ერთხელაც, საბოლოოდ ჩავეხუტო ჩემს გატანჯულ შვილს და იქნებ შეძლონ მისმა შვილებმაც დედის მოფერება, უკანასკნელად“, - ამბობს სოფიო გალდავა.

ყველა თეთრი მნიშვნელოვანია. ერთად დგომით ბევრჯერ გადაგვირჩენია ადამიანები. იქნებ, ახლაც შევძლოთ...

საქართველოს ბანკი: GE02BG0000000365959270

თიბისი ბანკი: GE56TB7108345064300019

მიმღები, მაია გალდავა


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system