თავში

9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას 337 ადამიანი ემსხვერპლა

9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას 337 ადამიანი ემსხვერპლა
9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას 337 ადამიანი ემსხვერპლა

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 3 707 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 337 ადამიანი, დაშავდა 5 004 პირი.

ამის შესახებ აღნიშნულია Your car seat-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. 

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გარდაიცვალა 87 ქვეითად მოსიარულე და დაშავდა – 959 ქვეითი, ასევე დაიღუპა 0-16 წლამდე 17, ხოლო დაშავდა 465 მოზარდი. 2020 წლის მესამე კვარტალში (ივლისი -სექტემბერი) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა 18,6 %-ით (113 დაღუპული პირი), ხოლო დაშავებულთა რაოდეობა 7 %-ით (2,176 პირი დაშავდა). 

ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა მცხეთა-მთიანეთში – 24, თბილისში – 22, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში- 19, შიდა ქართლში -19 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; დისტანციის დაუცველობა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7 921 დაშავდა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %- ით შემცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო დაშავდა - 9 47 2017 წელს საქართველოში 6 079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 517, ხოლო დაშავდა - 8 461 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა-დაშავებულ მოზარდთა სტატისტიკური მონაცემები კი შემდეგია: 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა - 465 2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, ხოლო - 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი. 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 1012, 2017 წელს კი - 23 მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 955.

Your car seat-ის განმარტებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: მოძრაობის წესების დარღვევა, გადაჭარბებული სიჩქარე, საგზაო-ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, თუმცა 0-16 წლამდე მოზარდთა გარდაცვალების მიზეზი, პირველ რიგში, არის კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს, მეორე და მნიშვნელოვანი არის - მშობლების არაინფორმირებულობა, გამოიყენონ სამგზავრო სავარძელი შვილების სიცოცხლის დასაცავად, ამასთან, სამგზავრო სავარძლის არასწორად შერჩევა და მისი არასწორად გამოყენებაც არის მოზარდთა გარდაცვალების მიზეზი.

შეგახსენებთ, 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია.

2020 წლის I კვარტალში გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. გარდაიცვალა 134 ადამიანი.

2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, ასევე არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system