თავში

92 არასრულწლოვანი დაიღუპა ბოლო ოთხ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევებში

92 არასრულწლოვანი დაიღუპა ბოლო ოთხ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევებში
92 არასრულწლოვანი დაიღუპა ბოლო ოთხ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევებში

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი ხარვეზიანია და საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს, - ასე აფასებს ორგანიზაცია Your car seat-ი report.ge-სთან ქართულ კანპონმდებლობას, რომლითაც საგზაო უსაფრთხოება რეგულირდება.

ამით ორგანიზაცია ეხმაურება გუშინ, 25 ოქტომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ოჯახის ერთი წევრის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო დაშავდა - ორი. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულ ბავშვთა სტატისტიკა შემაშფოთებელია, 2016 წლიდან 2020 წლამდე 92 არასრულწლოვანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ხოლო დაშავდა 4 227 არასრულწლოვანი.

სწორედ ამ ციფრებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ Საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი ხარვეზიანია და საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს. 

"გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არაერთი ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფომ კი ვერ უზრუნველყო საჭირო და ქმედითი ღონისძიებების ჩატარება, რათა კვლავ არ განმეორებულიყო მსგავსი ტრაგედია.Მოვუწოდებთ ხელისუფლებასა, აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას ბავშვები, რომელთაც მგზავრობის დროს საფრთხე ემუქრებათ. 0-12 წლამდე ბავშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ მათთვის სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით. Სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი ბავშვის სიცოცხლეს 90 %-მდე იცავს, ამ ფაქტს კი სახელმწიფო უგულებელყოფს და კვლავ გვაქვს მოცემულობა, რა დროსაც 0-3 წლამდე ბავშვის ტრანსპორტირება დასაშვებია, თუ იგი მუხლებზე უზის 16 წლის ან უფრო დიდი ასაკის მგზავრს, რაც ასევე საფრთხის შემცველია და ამ კანონის შედეგებს ყოველწლიურად ბავშვთა გარდაცვალებისა და დაშავების მზარდი სტატისტიკით ვიმკით," - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

Your car seat უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

შეგახსენებთ, 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია.

2020 წლის I კვარტალში გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. გარდაიცვალა 134 ადამიანი.

2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, ასევე არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system