თავში

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი გადადგა

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი გადადგა
აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი გადადგა

აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მუფთი იასინ ალიევი გადადგა. ამის შესახებ განცხადებას. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მუფთი იასინ ალიევი გადადგომას ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებს.

"ძვირფასო მუსლიმო ძმებო და დებო! მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი წელია მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვმკურნალობ ინტენსიურად და ვარ ექიმის დაკვირვების ქვეშ. ღმერთის ნებით და ექიმების დახმარებით ინშაალლაჰ მალე გამოვჯანმრთელდები. მკურნალობის პერიოდში ექიმების რჩევა და თხოვნა არის, რომ ვიყო მშვიდ გარემოში და ფსიქოლოგიურად არ ვიყო დატვირთული, რაც ჩემი სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე სრულიად შეუძლებელია, შედეგად ჩემი ერთწლიანი მკურნალობაც უშედეგო აღმოჩნდა. ყოველივე აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ჩემს მიერ დაკავებული თანამდებობა, რათა სრული ყურადღება და ძალისხმევა დავუთმო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მე 20 წლიანი თავდაუზოგავი შრომა და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს საქართველოს მუსლიმებთან, ჩემი წინამძღვრობის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში მუსლიმი თემის საკეთილდღეოდ გაკეთდა ბევრი კარგი საქმე, გარემონტდა და აშენდა ახალი სამლოცველოები, დაურეგისტრირებელი მეჩეთები აყვანილ იქნა სახელმწიფოს ბალანსზე და გადმოეცა მუსლიმთა სამმართველოს, დაიბეჭდა და გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი რელიგიური ლიტერატურა, საჯარისო ნაწილებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაიხსნა სამლოცველო ოთახები, სხვადასხვა კონფესიებთან მოხდა დაახლოება და არაერთი საერთო პროექტები განხორციელდა. რაც მთავარია, ჩემი და თანამოაზრეების უდიდესი მონდომებით და შრომის შედეგად დაფუძნდა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“, სადაც გაერთიანებულია საქართველოს მუსლიმების 95%-ზე მეტი. ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად აღნიშნული სამმართველო აღიარებულ იქნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. თქვენი მხარდაჭერით მიღწეულ უამრავ წარმატებებზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მაგრამ თავს აღარ მოგაწყენთ.

მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ პერიოდში ჩემდამი გამოჩენილი ყურადღებისათვის, სითბოსათვის, პატივისცემისათვის და მხარდაჭერისათვის, აგრეთვე თითოეულ თქვენთაგანს მოგმართავთ თხოვნით, თუ რაიმე წყენა გაქვთ ჩემს მიმართ, ალალი მიქნათ. მინდა ილოცოთ ჩემი ჯანმრთელობისათვის, უზენაესმა ალლაჰმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები. აამინ!

უახლოეს მომავალში შეიკრიბება უმაღლესი რელიგიური საბჭო და ჩატარდება ახალი მუფთის არჩევნები. მანამდე კი ჩემს (აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის) მოვალეობას დროებით შეასრულებს ყველა თქვენთაგანისთვის კარგად ნაცნობი, ჩემი მრჩეველი ჰაჯი ეივაზ მარტანოვი, მინდა მას და მომავალ მუფთს რელიგიურ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო.უზენაესმა ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ!", - ნათქვამია განცხადებაში.

უახლოეს მომავალში უმაღლესი რელიგიური საბჭო არჩევნების გზით ახალ მუფთის აირჩევს. მანამდე მის მოვალეობებს  მისი მრჩეველი ჰაჯი ევაზ მარდანოვი შეასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system