თავში

ამირან გამყრელიძემ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა - VIDEO

ამირან გამყრელიძემ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა - VIDEO
ამირან გამყრელიძემ C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა - VIDEO

,,C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში 58 000 ადამიანმა დაასრულა, 98.7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს ჩვენი ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა და C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. 

მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს 2015 წლიდან, უპრეცედენტოა.

,,ელიმინაცია დღეს ქრონიკული ვირუსული დაავადების მსოფლიოში ხდება პირველად. მედიცინის ისტორიაში ელიმინირებულია მხოლოდ ერთი დაავადება, ეს გახლავთ „ყვავილი“. „ყვავილის“ ელიმინაცია მოხდა საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით. 1980 წლიდან „ყვავილი“ აღარ არსებობს მსოფლიოში და ამას დასჭირდა დაახლოებით 20 წელიწადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყვავილის“ ელიმინაცია გამოაცხადა 1959 წელს და სამიზნედ აიღო 1960 წელი, მაგრამ რეალურად ეს განხორციელდა მსოფლიოში 1980 წელს. შემდეგი დაავადება, რომელიც ელიმინაციის გზაზეა, ეს გახლავთ პოლიომიელიტი, რომელიც გავრცელებული იყო, დაახლოებით 150 ქვეყანაში. დღეს დარჩენილია სამ ქვეყანაში. ეს გახლავთ ავღანეთი, პაკისტანი და ნიგერია. პოლიომიელიტის ელიმინაციის ე.წ. დედლაინმა, გადაიწია დაახლოებით სამ-ოთხჯერ, რადგან დაავადების ელიმინაცია არ გახლავთ მარტივი, წამლით, მედიკამენტით, რომელიმე ქრონიკული დაავადების ელიმინაციის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ამის პირველი პრეცედენტი შეიძლება გახდეს C ჰეპატიტი, რადგან C ჰეპატიტის სფეროში მოხდა უზარმაზარი გარღვევა 2013 წელს, როდესაც შეიქმნა წამალი „სოფოსბუვირი” და FDA-მ დაამტკიცა როგორც სამკურნალო წამალი, რომლის განკურნების ეფექტი 95 პროცენტზე უფრო მაღალი იყო", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის მკურნალობაში საუკეთესო მონაცემები აქვს.

„დღეს 2,8 მლნ მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სკრინინგი უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 1 750 000 ადამიანს, ანუ 60 პროცენტზე მეტს. 2015 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დიდი კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5.4 პროცენტი გახლავთ ანტიგენ დადებითი, ანუ ეს არის დაახლოებით 150 000 ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system