თავში

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეიდან, 15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესი დასაწყებად. 

,,მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის, მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, რის თაობაზეც ყველა სკოლა ინფორმირებულია. განვლილი პროცესებიდან გამომდინარე, სამინისტროს აქვს წინა სასწავლო წლის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართოს.

სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილნი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სამინისტროს ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. აღნიშნული სიახლე მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, ყველა კლასისა და საგნისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის კვლავ განახლდება პროექტი „ტელესკოლა“. „ტელესკოლის“ გაკვეთილების ჩაწერაზე სამინისტრო მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system