თავში

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალებს საშუალება ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება უახლესი ინფრასტრუქტურის სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. 

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალქალაქში მდებარე ძველი, საბჭოთა ბაზა უახლეს ინფრასტრუქტურად იქცა - შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მზად არის ერთ ნაკადზე 800, როგორც საკონტრაქტო, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტი მიიღოს და მოამზადოს. 

ღარიბაშვილის თქმით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა. მისი თქმით, კურსის გავლისა და ფიცის დადების შემდგომ, რეკრუტებს ჯარში დახვდებათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უმაღლესი სტანდარტების უნიფორმა და ფეხსაცმელი, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა, განახლებული შეიარაღება, წვრთნისა და განათლების ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სოციალური უზრუნველყოფა. 

ცენტრს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა, ხოლო 19 სექტემბერი, ცენტრის დღედ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system