თავში

"ამ მესიჯებზე კაცს არც უპასუხია..." - რას წერს ბაია პატარაია

"ამ მესიჯებზე კაცს არც უპასუხია..." - რას წერს ბაია პატარაია
ამ მესიჯებზე კაცს არც უპასუხია... - რას წერს ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ოჯახური ძალადობის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"ამბავი ასეთია: ბავშვის დედა ბავშვის მამას სთხოვს ბავშვის საკვებს, ტანსაცმელს და სხვა ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას. ამ სქრინში, (რომელსაც ქალის ნებართვით ვაქვეყნებ), ჩანს ეს ყველაფერი. 

ამ მესიჯებზე კაცს არც უპასუხია. 

ქალი, რომელსაც 20 ლარიღა ჰქონდა დარჩენილი ანგარიშზე, (გვაქვს ამის მტკიცებულება), სახლში აკითხავს ყოფილ ქმარს. კაცი სახლში არ დახვდა. ქალი ელოდება სადარბაზოსთან. 

კაცი ბრუნდება და ბავშვიან ქალს აგინებს და ემუქრება ისეთ ხმაზე, რომ მეზობლებიც იგებენ ამბავს.

ქალი იძახებს პატრულს. პატრული მოდის და შემაკავებელ ორდერს გამოსცემს ორივეზე, დიახ, ორივეზე! არ მოგესმათ. 

ქალი მოგვმართავს შველისთვის, რომ მის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გავაუქმებინოთ სასამართლოს.ცხადია, ეს ორდერი უსაფუძვლოა, რადგან სწორედ ქალია ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, პოლიცია ასე არ ფიქრობს. პოლიციას მიაჩნია, რომ მოძალადე კაცი, (რომლის წინააღმდეგაც გამოძიება თავადვე დაიწყო), ამავდროულად მსხვერპლია "არასასურველი კომუნიკაციის". მაგრამ აქ არ მთავრდება ჩვენი მართლმსაჯულების უბედურება. 

უფრო უარესი ისაა, რომ მოსამართლე დავით წერეთელი, საქმის შეუსწავლელად, დისკზე წარდგენილი ვიდეოების უნახავად, 40 წუთში ასრულებს ზეპირ მოსმენას და ძალაში ტოვებს ამ სამარცხვინო შემაკავებელ ორდერს, სადაც მხოლოდ ის წერია, რომ ქალი აღელვებული იყო. 

გესმით, ხალხო? ხვდებით, როგორ მფარველობს მართლმსაჯულების სისტემა იმ კაცს, რომელიც ეკონომიკურად (და არა მხოლოდ) ძალადობს ქალზე?თურმე, ქალს არ აქვს უფლება მამას მისსავე შვილისთვის სთხოვოს საჭმლის, წამლის, ექიმის, ტანსაცმლის ფული - ის ქალი ყოფილა თურმე მოძალადე, რომელზეც ეკონომიკურად ძალადობს ყოფილი ქმარი და რომელიც კანონიერად ითხოვს, მამამაც იზრუნოს შვილზე.

ეკონომიკური ძალადობა რომ ძალადობის სრულიად დაფარული ფორმაა და ნორმალიზებულია, ვიცოდი, მაგრამ კანონიერი მოთხოვნისთვის, თუ ქალს მოძალადედ გამოიყვანდნენ ამას არც ჩვენი პოლიციისგან ველოდი და არც სასამართლოსგან.ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!

აპელაციაშიც გავასაჩივრებთ და იმის იქეთაც, თუ საჭირო იქნება. 

ეკონომიკურ ძალადობაზე საკანონმდებლო ცვლილებებსაც მოვითხოვთ და ყველას გავაგებინებთ, რომ შემაკავებელი ორდერი ტუტუცი და უპასუხისმგებლო მამების კომფორტის დასაცავად არ შეუქმნია პარლამენტს!", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system