თავში

ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული - მძევალი დეტალებს იხსენებს

ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული - მძევალი დეტალებს იხსენებს
ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული - მძევალი დეტალებს იხსენებს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. მათ შორის, იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლად ყოფნის პერიოდში მედიას თავდამსხმელის მოთხოვნების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. გათავისუფლების შემდეგ მან ვრცელი კომენტარი გააკეთა და დეტალურად გაიხსენა მომხდარი. 

„მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გავიგე გარეთ გასროლა. დავინახე, შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში, მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამიანის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა ვიდეკოამერით. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა ფილიალის მენეჯერი, რომელიც არ იმყოფებოდა ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე და იქ დავბინავდით.

მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში“, მან უთხრა, რომ არ ჰონდა „ფეისბუქი“. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა,  მოვიდა ჩემი რიგი და ვუთხარი, რომ მქონდა „ფეისბუქი“. იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.

თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. შვიდი საათი ერთად ყოფნის განმავლობაში, ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში, გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა.

ბიჭები შემდეგ იმიტომ წაიყვანა, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანა. მესამე მძევლალი კი მძარცველმა თვითონ დაასახელა. ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას" - ამბობს მძევალი. 

კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი ძირითადად ინფორმაციას მედიის საშუალებით იღებდა.

„ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თავად ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა, რომ თავადაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა" - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამი მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system