თავში

"ამერიკა ამის საუკეთესო მაგალითია" - ზურაბ გურული

"ამერიკა ამის საუკეთესო მაგალითია" - ზურაბ გურული
ამერიკა ამის საუკეთესო მაგალითია - ზურაბ გურული

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პროტოკოლის სამედიცინო დანიშნულებაზე წერს. ის ამერიკული ჯანდაცვის სისტემისა და მიდგომების უპირატესობაზე საუბრობს. 

მისი თქმით, ე.წ. პროტოკოლებისა და „გაიდლაინების“ შექმნა-დამორჩილება წარმოადგენს დასავლური სამედიცინო სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ქვაკუთხედს და არა ერთეული ინდივიდების გამორჩეული ნიჭიერება, რომლებიც ყველა ერში ერთნაირი თანაფარდობით არსებობენ.

"ამერიკა საუკეთესო მაგალითია ჯანდაცვის სისტემების ერთი მთავარი პრობლემის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტისა. ეს გახლავთ არაერთგვაროვანი სამედიცინო ინტელექტის ეფექტურად გადანაწილება-გასაშუალოება მთელი სისტემის ფარგლებში. მარტივად რომ ავხსნათ, ექიმების მხოლოდ მცირე პროცენტია ძალიან ძლიერი პროფესიონალი, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სპეციალობაში. ცხადია, ეს გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი აძლევს მიმართულებას და ტონს პროფესიას, მაგრამ მათ მიერ პაციენტთა მასების გადაფარვის შესაძლებლობა ფრიად ლიმიტირებულია. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ისეთ სპეციალობებში, რომლებსაც აზროვნების გარდა ე.წ. „კარგი ხელი“ სჭირდება. რთული პროცედურების შესრულების უმაღლეს ტექნიკას მხოლოდ წვრთვნა და მონდომება არ შველის, სპეციფიკურ ნიჭს მოითხოვს.

ბუნებრივია, ყველა პაციენტს საუკეთესო ექიმი სურს მკურნალად და ყოველი ადამიანის უფლებაა, რომ ეს მოითხოვოს. ასევე ბუნებრივია, რომ ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, პლანეტის მოწინავე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ქმნიან კარგად ორგანიზებულ, პროტოკოლებით, „გაიდლაინებით“, კანონებით აღჭურვილ სისტემას, სადაც ძალიან მაგარი და ძალიან სუსტი ექიმიც ზუსტად ერთნაირ მითითებებს ემორჩილება. ეს გზა სამწუხაროდ არაიდეალურია და ხშირად ე.წ. ინტელექტუალურ შეურაცხყოფას აყენებს გამორჩეულად მოაზროვნე პროფესიონალებს, მაგრამ ყველაზე ოპტიმალურია. დაახლოებით ანალოგიური სისტემა მოქმედებს დასავლურ კომერციულ ავიაციაშიც. ამიტომ ითხოვენ პილოტებისაგან უმცირეს დეტალებამდე გაწერილი პროტოკოლების უზუსტესად შესრულებას. მხოლოდ ამ ხერხით არის შესაძლებელი ყოველი პაციენტისათვის დაახლოებით თანაბარი დონის სამედიცინო მომსახურების გარანტირება.

იქ, სადაც ეს არ ხდება, პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დამოკიდებულია სუფთა გამართლებაზე, იღბალზე, რადგან თუ სისტემა სუსტია, ის ეყრდნობა მხოლოდ ერთეულ გამორჩეულ ინდივიდებს. ერთეულების გადაფარვის არეალი კი ფრიად შეზღუდულია.

ამრიგად, ე.წ. პროტოკოლებისა და „გაიდლაინების“ შექმნა-დამორჩილება წარმოადგენს დასავლური სამედიცინო სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ქვაკუთხედს და არა ერთეული ინდივიდების გამორჩეული ნიჭიერება, რომლებიც ყველა ერში ერთნაირი თანაფარდობით არსებობენ. ამერიკა ამის საუკეთესო მაგალითია. აქ გვერდიგვერდ მუშაობენ გერმანული სამედიცინო სკოლის კურსდამთავრებულიც და სომალიდან ჩამოსული ლტოლვილი ექიმიც; ორივეს ნიჭის ადეკვატურად შეფასებას და ეფექტურად გამოყენებას თავისუფლად ახერხებს გამართული სისტემა" - წერს გურული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system