თავში

ანჩისხატი არაა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება - დეკანოზი ილია

ანჩისხატი არაა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება - დეკანოზი ილია
ანჩისხატი არაა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება - დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის მიერ ანჩისხატის ეკლესიისთვის დაბრუნების თაობაზე პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება და წერს, რომ ხატი მხოლოდ ეკლესიის საკუთრება არაა. 

მისი თქმით, საგანძურის დასაცავად და გამოსაფენად "დღეს ჩაოხრებული და უსისტემოდ მოწყობილი" ეკლესია ვერ გამოდგება.

"გავრცელდა გუშინდელი, 2021 წლის 2 აგვისტოს თარიღიანი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილი ღარიბაშვილისა და წულუკიანისადმი, რომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის ქრისტიანული სამუზეუმო ძეგლი-სიწმინდე საპატრიარქოს გადაეცეს და ანჩისხატის ტაძარში გამოიფინოს, სადაც იყო ეს ხატი დავანებული მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიდრე 1920-იან წლებამდე. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საპატრიარქო და ანჩისხატის წინამძღვარი დეკ. რევაზ ტომარაძე ემიჯნებოდნენ მოქალაქე ზ. ნანობაშვილის ამ აქტიურ ინიციატივას, სჩანს ბოლო წლებში საპატრიარქომ პოზიცია შეიცვალა.ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ანჩისხატი არაა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება, ის სახელმწიფოს საკუთრება და ეროვნული საუნჯეა, მისი შესაფერისი დაცვის და მუდმივი გამოფენის ადგილად ანჩისხატის დღეს ჩაოხრებული და უსისტემოდ მოწყობილი ეკლესია ვერ გამოდგება, ამასთან დაუშვებელია ეროვნული მუზეუმის კუთვნილი ექსპონატების დაქსასვა და გაფანტვა. იმისათვის, რათა ანჩისხატის საეკლესიო თაყვანისცემა და პატივის მიგება იყოს აღსრულებული, საკმარისია მისი სათანადო კონსერვაცია-რესტავრაციის შემდგომ, წელიწადში ერთხელ, ანჩისხატობის დღესასწაულზე, 29 აგვისტოს, რომელიც დღეს ნაწილობრივ მივიწყებული და გაუფერებულია, ხდებოდეს მისი საზეიმო ლიტანიით ერთი დღით გადაბრძანება მუზეუმიდან ძალიან ახლო მდებარე ანჩისხატის ეკლესიაში და შესაბამისი საეკლესიო მსახურების და თაყვანისცემის აღვლენა. ასეთი მნიშვნელობის საეკლესიო სიწმინდეები ხშირ შემთხვევაში მუდმივად არცაა გამოფენილი ეკლესიებში, მაგალითად იგივე ითქმის საპატრიარქოს ხელში არსებულ ქრისტეს სამსჭვალზე და დავით გარეჯელის მადლის ქვაზე, და საზღვარგარეთ კი ქრისტე მაცხოვრის ტურინის სუდარაზე, რომელიც თუ სწორად მახსოვს, 15 წელიწადში ერთხელ გამოსვენებდა საჯარო თაყვანისცემისთვის ეკლესიაში და სხვა დროს სეიფში ინახება. ეს სძენს ამ სიწმინდეებს განსაკუთრებულ დიდებულებას, მოწიწებას და საკრალურობას, იცავს გაუფერულებისა და გაშინაურებისაგან, ამასთან მათი რელიგიური თაყვანისცემა/მომლოცველობა უფრო დიდი საზეიმო და ისტორიულ იერს იღებს ხოლმე.აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში, საეპისკოპოსო რეზიდენციებში და ეკლესია-მონასტრებში წლების მანძილზე დაგროვდა (ძირითადად ჩუქება-შეწირულობების წყალობით) მრავალი საეკლესიო სიძველე, ეროვნული ისტორიული საუნჯე: მრავალსაუკუნოვანი ხატები, ჯვრები, სანაწილეები, ბარძიმ-ფეშხუმები, ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და სხვა საეკლესიო და საერო სამუზეუმო სიძველეები. ეს ყველაფერი დღეს მეცნიერთათვის მიუწვდომელი და აღურიცხავია, არაა ჩატარებული ფოტოფიქსაცია და კაცმა არ იცის იქიდან რა იკარგება, ან რა ზიანდება, როგორაა დაცული ისინი და საერთოდ: რამდენია და რა არის. მაგალითად, იმის გამო რომ საჯაროდ იყო გამოფენილი ეს ჯვარი, ცნობილი ფაქტია: 2000-იან წლებში ქაშუეთის ტაძრიდან მოპარულ იქნა მე-18 საუკუნის ვერცხლის ქართული წარწერიანი ჯვარი, რომელიც ჩაბრძანებული იყო გუმბათქვეშა სამხრეთ-აღმოსავლეთი სვეტის მარმარილოს სახატე ნიშაში და დღემდე დაკარგულია. არაერთხელ გაიძარცვა თვით სამების საპატრიარქო ტაძრის ოქროს შენაწირი საგანძური, არაერთხელ გაიძარცვა თვით საპატრიარქოს სალარო, ქრებოდა ათიათასობით, ზოგჯერ ასიათასობით ლარი. ეს ყველაფერი კარგად ცნობილი ფაქტებია ეკლესიის შიგნით.

ამის მერე რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი და რატომ კადრულობს საპატრიარქო წაეპოტინოს ეროვნულ საგანძურს?! 1978 წელს ძველი საპატრიარქოს (სიონის ეზოში) ხანძრისას დაიწვა და განადგურდა: კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის ვერცხლის სალიტურგიო ისტორიული სამღვდელმთავრო კვერთხი, მე-18 საუკუნის მიტრ. საბა ტუსიშვილისეული წმ. ნინოს ხატი ნინოწმინდიდან გადმოტანილი, წმ. შიო მღვიმელის ნეშტი (ანუ წმ. ნაწილები) შიომღვიდან 1960-იან წლებში საპატრიარქოში გადასვენებული და სხვა უამრავი რელიქვია და ისტორიული არტეფაქტები. ამ საკითხებზე არასოდეს საუბრობს საპატრიარქო.

ნება იბოძოს საპატრიარქომ და დაუყოვნებლივ ჩაატაროს ეროვნულ მუზეუმის მონაწილეობით საპატრიარქოში, ეკლესია-მონასტრებში და საეპისკოპოსო რეზიდენციებში სადღეისოდ განთავსებული ისტორიული, ეროვნული საგანძურის აღწერა-ინვენტარიზაცია და ფოტოფიქსაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი განწირულია გაქრობის, დაკარგვის, დაზიანების და განადგურებისათვის, ისე რომ კვალიც კი არ დარჩება.წმინადები- ექვთიმე თაყაიშვილი, კირიონი, ამბროსი და კალისტრატე კათოლიკოსები თავისი ხელით აბარებდნენ მუზეუმებს საეკლესიო სიძველეებს, მათ შორის ხატებსაც, რათა გადარჩენილიყვნენ დაზიანებას და დაკარგვას, ილია მეორე კი ეროვნულ მუზეუმს უკვე იქ დაცულს და გადარჩენილს ართმევს და ჰგლიჯავს. "იიი ხატიი ეკლესიაში უნდა იყოს", ეს ნარატივი არის უვიცობა და ბრიყვობა. რომელ ეკლესიაში უნდა იყოს ეროვნული საგანძურად და ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ძეგლად ქცეული ხატი, დღეს რომ სიბნელის, ობსკურანტიზმის, პრორუსულობის და ანტიცივილიზაციურობის საყრდენად აქცია საბჭოთა კაგებემ და მერე ფეესბემ??? ანჩისხატის ეკლესიაში შეგიხედავთ საერთოდ და რა ხდება, იცით?! თუ რახან შუშის ვიტრინა დადგეს, ყველაფერი რიგზეა უკვე???" - წერს სასულიერო პირი.ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით პრემიერმინისტრს წერილით მიმართა.

ანჩისხატის ხატი ხელოვნების მუზეუმში ინახება. კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მუზეუმის განახლების სამუშაოების გამო კი ექსპონატების, მათ შორის ანჩისხატის სხვა სივრცეში დროებით გადატანა იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system