თავში

არ ვიცი რა ენით გამოვხატო, განწირულები ვართ - თენგიზ ცერცვაძე

არ ვიცი რა ენით გამოვხატო, განწირულები ვართ - თენგიზ ცერცვაძე
არ ვიცი რა ენით გამოვხატო, განწირულები ვართ - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვაქცინაციის მსურველების რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დღევანდელი ტემპებით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის.

„ჩვენ სულ გვეუბნებიან, რომ ნუ აკეთებთ საშიშ განცხადებას, ნუ დავზაფრავთ ისედაც დაზაფრულ მოქალაქეებს, როგორ გითხრათ, ესეც საჭიროა ალბათ, რაღაც დოზით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა თვლის, რომ ის ადამიანები რომ კვდებიან ან ავად ხდებიან, ის მათ არ ეხება. ოჯახში ჰყავთ 70-ს 80-ს გადაცილებული პირები, რომლებიც მუდმივად დაინფიცირების და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან და არ ცრიან მათ და არც არიდებენ კოვიდს. იცით, ჩვენი საავადმყოფო გადავსებულია 70 წელს გადაცილებული ხალხით. საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივი წესებით ვაქცინაციის კამპანიას, ოღონდ დაემატა ბინაზე კარდაკარ სიარული.

აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% და მთელი მოსახლეობის 20%. ასეთი გზით 60%-ზე ვერ ავალთ წლის ბოლომდე. ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და სამწუხაროდ, გარდაცვალების მატებისთვის. შეუძლებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება - არ ვიცი, რა ენით გამოვხატო - დავუჩოქო, მოვთხოვო, კატეგორიული ტონით თუ პირიქით თხოვნით. რაღაც ფანტასმაგორიულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქართველებს ბევრი რამ გვაქვს უცნაური და ბევრი შეცდომა დაგვიშვია, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს - პოლიტიკაშიც, ყოფა-ცხოვრებაშიც, მედიცინაშიც, ჯანდაცვაშიც, ყველგან, მაგრამ ეს აჭარბებს ყველგაფერს. მე არ ვიცი რა ტრიალებს მათ გონებაში, რომ უარს აცხადებენ აცრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ წლის ბოლოს არათუ 70%-ზე და 65%-ზე გავალთ, მთელი მოსახლეობის 30%-ზეც ვერ გავალთ. ჩვენ მაინც მთელი მოსახლეობიდან უნდა ვიანგარიშოთ, რადგან მთელი მოსახლეობა ხდება ავად. შევასრულეთ საზოგადოების დაკვეთა და გავხსენით ყველა სკოლა და ინსტიტუტი. დაახლოებით, მეხუთედი, თუ მეტი არა, იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეკეტათ სკოლები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატება სწორედ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით არის გამოწვეული.

მისივე თქმით, ქვეყანას შესაძლებლობა აქვს დღეში 40-50 ათასი ადამიანი აცრას.

„ვცდილობ არ ვიყო ემოციური, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ - ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული, არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე და ყველამ მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი, რაც სჭირდება. სიკვდილობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე, - 20-სა და 30-ს შორის. ამის ფონზე, როდესაც ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება გადავაჭარბოთ „მეოთხე ტალღას“. ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან?!“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system