
"კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი", - ამის შესახებ გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტს ერთობლივი მიმართვით გამოეხმაურნენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩანაწერის ერთ-ერთი სავარაუდო თანამონაწილე მოქმედი პრემიერ-მინისტრი არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი.
"ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებენ არასამთავრობოები.
ისინი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.