თავში

საგანგაშო მდგომარეობა სოფლის ამბულატორიებში - ომბუდსმენის ანგარიში - PHOTO

საგანგაშო მდგომარეობა სოფლის ამბულატორიებში - ომბუდსმენის ანგარიში
საგანგაშო მდგომარეობა სოფლის ამბულატორიებში - ომბუდსმენის ანგარიში - PHOTO

სახალხო დამცველმა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს და შეამოწმეს ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია.

მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ექიმის მომსახურების პუნქტების ნაწილში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია: არ არის ხელსაბანი, გამდინარე წყალი, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა. შესაბამისად, ამ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა შეუძლებელია. ოთახები, სადაც განთავსებულია ამბულატორიები, ასევე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. კედლები და იატაკი დაზიანებულია, ფანჯრები არაჰერმეტულია.

,,ამბულატორიების ნაწილი არ გარემონტებულა ბოლო პერიოდში, არ არის/ან არ ფუნქციონირებს სველი წერტილები. ხშირ შემთხვევაში, ისინი განთავსებულია შენობის გარეთ და მინიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს არ შეესაბამება. სავალალო მდგომარეობაა გარემონტებული ამბულატორიების სანიტარიულ კვანძებში, სადაც უხარისხო რემონტის გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ასევე მწვავედ დგას ამბულატორიებში კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის და ინტერნეტის მიწოდების საკითხი. ამბულატორიების ნაწილში არა აქვთ კომპიუტერები, ინტერნეტი. სოფლის ექიმები იძულებულები არიან, თანხა მესამე პირს გადაუხადონ, რათა ამ პირმა პაციენტებისთვის ჩატარებული იმუნიზაციის შესახებ და სხვა ინფორმაცია, შესაბამის ბაზებში ასახოს ან სახლში სამუშაო საათების შემდეგ შეიტანოს ინფორმაცია ელექტრონულად. ზოგიერთ ამბულატორიას არ აქვს შემოღობილი ეზო, ან სავალი გზის პირას მდებარეობს, რაც ზაფხულობით მტვრის და ხმაურის პრობლემას ქმნის", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system