თავში

ავტომობილების სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2 დღეში იწურება

ავტომობილების სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2 დღეში იწურება
ავტომობილების სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2 დღეში იწურება

ორ დღეში ავტომობილების ძველ სანომრე ნიშნებს ძალა ეკარგება. გადაავადებენ თუ არა აარეგულაციას, მომსახურების სააგენტოში ამასთან დაკავშირებით არავინ საუბრობს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, ამიტომ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებმა დროულად უნდა მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად. მომსახურების მიმღებ პირებს კი დაუსრულებელ რიგში უწევთ დგომა მხოლოდ იმის გამო, რომ დროულად არ მიმართეს სერვის ცენტრებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ორგზის გადავადებული რეგულაციის ვადა ამჯერად აღარ შეიცვლება. მას, ვინც აპრილამდე ნომრის შეცვლას ვერ მოასწრებს, ძველი ნომრით ქუჩაში მოძრაობის უფლება აღარ ექნება.

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ავტოექსპერტი ვაჟა იორდანაშვილიამბობს, რომ ვინც ვერ მოასწრებს ნომრის ახალი აღებას, მანქანის გაჩერება მოუწევს და ასეთი კი, სავარაუდოდ, ბევრი იქნება.

,,ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი მუდმივად ვერ გაგრძელდება. ისედაც 2-ჯერ უკვე გადაიდო ეს პროცედურა კორონავირუსის გავრცელების გამო. ცხადია, ვეღარ გაახანგძლივებენ ვადასდა სწორი მიდგომაც არის, ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ეს პროცესი, მით უმეტეს, როცა ყველა პირობაა მოქალაქეებისთვის, კომფორტულად და ნორმალურ პირობებში შეცვალონ მანქანის ნომრები, ტრანსპორტის მიყვანაც არ არის საჭირო და უკვე ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ვინ ობიექტური მიზეზის გამო ვერ ჩაეტევა ვადაში, მოუწევს, რომ გააჩერონ ავტომობილი და მერე აიღონ ნომრები, არც ეს არის პრობლემა“, - განაცხადა იორდანაშვილმა.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, სერიული ნომერი 35 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობა კი, ასევე 35 ლარი ჯდება. თუკი ვინმეს ინდივიდუალური ანუ განსაკუთრებული ნომრის აღება სურს, მეტის გადახდა მოუწევს. ასეთი ნომრების ფასი 150-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მიუხედავად იმისა, რომ სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი 6 წელზე მეტია, გრძელდება, მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეპიდემიის პერიოდში ამ ვალდებულების შესრულება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. ახალგაზრდა მძღოლი თემურ ჩაკაბერია ამბობს, რომ ნომრების შეცვლას უფულობის გამო ვერ ახერხებდა. 

,,აქამდე ვერ შევცვალე, მუდმივად გავურბოდი ამ ხარჯს იმის გამო, რომ მცირეშემოსავლიანი ვარ. როცა 500 ლარს იღებ და სხვა შემოსავალი არ გაქვს, რამდენადაც შეგიძლია, ვალდებულების ბოლო ვადას უცდი, ინსტიქტურად ხდება ასე. ამ ძველ ნომრებშიც თავის დროზე ფული მაქვს გადახდილი, ახლა 200-ლარიანი დახმარების ცარიცხვას ვუცდი, რომ როგორმე გავიარო რეგისტრაცია და ვადაში ჩავეტიო ან მანქანის გაჩერება მომიწევს", - ამბობს მძღოლი. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თუ ავტომობილს ძველი სანომრე ნიშნები ექნება, მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

სააგენტოს ცნობით, გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system