თავში

აზერბაიჯანელი მოლიერი, თბილისური ბიოგრაფიით - მირზა ფათალი ახუნდოვი

აზერბაიჯანელი მოლიერი, თბილისური ბიოგრაფიით - მირზა ფათალი ახუნდოვი
აზერბაიჯანელი მოლიერი, თბილისური ბიოგრაფიით - მირზა ფათალი ახუნდოვი

თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის 17 ნომერში მდებარე მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს, ოფიციალური საჯარო დაწესებულების სტატუსი 2007 წლიდან მიენიჭა (გაიხსნა 1985 წელს). მუზეუმში დაცულია აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების მირზა-ფათალი ახუნდოვის, ნარიმან ნარიმანოვის და მამედ ყული ზადეს მემორიალური ნივთები, აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა, წიგნები, დოკუმენტები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე და სხვა საინტერესო ექსპონანტები. 

საინტერესოა ვინ იყო მირზა-ფათალი ახუნდოვი, ვისი მუზეუმიც საქართველოს დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს და ვინც საქართველოს დედაქალაქის გულშია დასაფლავებული. 

აზერბაიჯანელი მწერალი-განმანათლებელი, ფილოსოფოსი, აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებელი მირზა ფათალი-ახუნდოვი 1812 წლის 12 ივლისს, ნუხაში (აზერბაიჯანი, შაქის რაიონი) დაიბადა. 

მამამისი მირზა მამედ თაღი ირანის აზერბაიჯანიდან, ქალაქ ხამნედან იყო, ის მეტყევე გახლდათ. მას შემდეგ, რაც მამამისმა სამი ჯარისკაცი კამეჩების მოპარვის გამო დასაჯა, რაზმის მეთაურ მას პრინც აბას-მირზასთან უჩივლა. ამ უკანასკნელმა ჩამოაქვეითა მირზა მამედ თაღი და მისი ქონება დააყადაღა. ამის შემდეგ ახუნდოვის მამა ნუხაში გადადის, სადაც მან მან ვაჭრობა დაიწყო. 1811 წელს მან მეორე ცოლი, ნანა ხანუმი მოიყვანა, რომელიც ცნობილი ახუნდის (სასულიერო პირის) ნათესავი იყო და სწორედ ამ ქორწინებიდან შეეძინა მას მწერალი. ოჯახი ისევ უკან, ხამნეში გადავიდა საცხოვრებლად. 

მირზა ფათალი ახუნდოვმა დაწყებითი განათლება სწორედ იქ სასულიერო სემინარიაში (მოლახანაში) მიიღო. ასეთი განათლების ფუნდამენტური ხასიათიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მას მუსლიმ სასულიერო პირად ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. მოგვიანებით, ოჯახური პრობლემების გამო დედა-შვილი ნანა ხანუმის ბიძასთან ჰაჯი ალესკერთან გადავიდნენ, რომელიც იმ დროისთის ყარადაღის სოფელ ხორანიდში ცხოვრობდა. ჰაჯი ალესკერი მირზა ფათალისთვის მეორე მამასავით იყო, მან შეასწავლა ბიჭს ყურანი, არაბული და სპარსული. 1832 წელს, ჰაჯი ალესკერი მექაში გაემგზავრა, მირზა ფათალი კი დროებით განჯაში, მეცნიერ მოლასთან, ჰუსეინ პიშნამაზ-ზადესთან სასწავლებლად დატოვა. 

განჯაში მან გაიცნო აზერბაიჯანელი პოეტი მირზა შაფი ვაზეხი, ვისგანაც ის კალიგრაფიას სწავლობდა. ამ ნაცნობობამ, რომელიც მწერლისვე თქმით, ახლო მეგობრობაში გადაიზარდა, მირზა ფათალის მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. სწორედ მირზა შაფი ვაზეხის გავლენით, ახუნდოვმა უკუაგდო ადრინდელი გადაწყვეტილება სასულიერო პირი გამხდარიყო. 

1834 წელს ახუნდოვი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. აქ მოლა ჰაჯი ალესკერმასაკუთარი გავლენები გამოიყენა და მირზა ფათალი კავკასიის სამოქალაქო განყოფილების მთავარი ადმინისტრაციის ბარონ როზენის აღმოსავლური ენების მთარგმნელის დამხმარედ. იმ დროისთვის მირზა ფათალი ფლობდა არაბულს, სპარსულს, თურქულს და ცოტა რუსულსაც. 1840 წელს კი, მირზა ფათალი დაინიშნა თარჯიმნად, რა თანამდებობაზეც ის სიკვდილამდე მუშაობდა. 

1836 წლიდან ის თბილისის გიმნაზიაში აზერბაიჯანულსა და თურქულ ენებს ასწავლიდა. მეცხრამეტე საუკუნის ნახევარში, თბილისი უკვე ყალიბდებოდა კავკასიის კულტურულ ცენტრად. იმ პერიოდში საქართველოს დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე ცხოვრობდა, უმეტესობა მათგანთან ახუნდოვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ თბილისში შეისწავლა რუსული ენა მირზა ფათალმა კარგად და გაეცნო რუსულ ლიტერატურას.

რაც შეეხება ნაწარმოებებს, მისი პირველი მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებები იყო ელეგიური კასიდა "პუშკინის გარდაცვალებაზე"(1837 წელს), რომელიც ქართულ ენაზე გრიშაშვილმა თარგმნა. 

1850-1855 წლებში მირზამ დაწერა ექვსი კომედია. აღნიშნულ ნაწარმოებებმა აზერბაიჯანულ ლიტერატურაში კრიტიკულ რეალიზმს ჩაუყარა საფუძველი. ახუნდოვი მათში ასახავდა ისლამის რელიგიის ფანატიზმით, ცრუმორწმუნეობითა და დრომოჭმული ტრადიციებით დაბეჩავებული ხალხის ცხოვრებას. ეს ნაწარმოებებია - "მოლა იბრაჰამ ხალილი", - 1850; "ბოტანიკოსი მუსიე ჟორდანი" - 1850; "ყაჩაღის დამჯაბნელი დათვი" - 1851; "ლენქორანის ხანის ვეზირი" - 1850; "ძუნწის თავგადასავალი" ("ჰაჯი ყარა") - 1852. 

თავის უკანასკნელ კომედიაში "კანონის დამცველები ქალაქ თავრიზში" (1855) ახუნდოვმა მძაფრი სატირით ამხილა ირანის სასამართლო სისტემის სიყალბე. 60-იანი წლების რუსული ლიტერატურის კრიტიკამ მას "მუსლიმი მოლიერი" უწოდა. "ლენქორანის ხანის ვეზირის" დადგმით (1873 წლის 10 /22 მარტი, ბაქო, აზერბაიჯანულ ენაზე) იწყება აზერბაიჯანული პროფესიული თეატრის ისტორია. 

აღსანიშნავია, რომ ახუნდოვის კომედიები ცალკე წიგნად პირველად თბილისში გამოიცა: რუსულ ენაზე - 1853 წელს, აზერბაიჯანულად - 1859წელს, ხოლო სპარსულად გამოიცა ირანში 1875 წელს. 

ახუნდოვის სატირულ მოთხრობაში "მოტყუებული ვარსკვლავები", რომელიც 1857 წელს დაწერა, ხოლო ქართულად პირველად ითარგმნა 1934 წელს, მიიჩნევა ახალი აზერბაიჯანული მხატვრული პროზის საუკეთესო ნიმუშად. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მირზა ფათალის მიერ სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებზე დაწერილ ფილოსოფიურ ტრაქტატს "ქემალ-უდ დოვლეს წერილები" (1864-1875, პირველად გამოიცა ბაქოში 1924 წელს), რომელმაც ახუნდოვს დიდი პოპულარობა მოუხვეჭა მთელს აღმოსავლეთში.

ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანული და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში. 

1873 წელს, ლათინური და რუსული ანბანის საფუძველზე, მირზა ფატალი ახუნდოვმა შეადგინა ანბანი, რომელმაც მთლიანად შეცვალა სილაბური არაბული და მოერგო აზერბაიჯანული ენის ბგერულ მახასიათებლებს.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. ქართულად ახუნდოვის კომედია („ლენქორანის ხანის ვეზირი“) პირველად თარგმნა აკაკი წერეთელმა "ხანის ვეზირის" სახელწოდებით. ნაწარმოები ქართულად 1898 წელს დაიბეჭდა და იმავე წელს აღნიშნული კომედია, წარმოადგინეს ქართულ სცენაზეც. 

ახუნდოვი გარდაიცვალა 1878 წლის 10 მარტს, თბილისში. გრიგოლ ორბელიანის აქტიური მცდელობით, ახუნდობი თბილისში დაკრძალეს. ახუნდოვის საფლავი მდებარეობს „აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონში“ ახალი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადრე სეიდთა მუსლიმური სასაფლაო იყო. 

2012 წელს გადაიღეს ფილმი „განთიადის ელჩი“, რომელიც მირზა ფათალი ახუნდოვს ეძღვნებოდა. ფილმში მთავარი როლი შეასრულა აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა რასიმ ბალაევმა.

აზერბაიჯანელი მწერლის, ფილოსოფოსისა და აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებლის სახელს ატარებენ თბილისსა და მარნეულში მდებარე ქუჩები. 

თბილისში, ბაქოში და მოსკოვში დგას ახუნდოვის ძეგლები და 1985 წლიდან თბილისში გახსნილია მისი სახელობის მუზეუმი, რომელსაც დღეს, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრს უწოდებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system