თავში

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დმანისის ინციდენტს ეხმაურება

​აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დმანისის ინციდენტს ეხმაურება
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დმანისის ინციდენტს ეხმაურება

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ საელჩომ დმანისში 2021 წლის 16 მაისს მომხდარ მოვლენებზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

"საელჩოს თანამშრომლებმა ობიექტი მოინახულეს, ვითარებას გაეცნენ და სამართალდამცავ ორგანოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი ზომები ტარდება.

ინციდენტის პოლიტიზაცია, მისი წარმოჩენა, როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვითარდება. საელჩო მოუწოდებს თანამემამულეებს, არ აყვნენ არავითარ პროვოკაციას, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

ინციდენტი უნდა შეფასდეს კანონის შესაბამისად, დამნაშავეებმა კი საქართველოს კანონმდებლობით პასუხი უნდა აგონ. ამ უსიამოვნო მოვლენის ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით საელჩო საქართველოს ხელისუფლებასთან რეგულარულ კონტაქტს განაგრძობს", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა, რის შემდეგაცსპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-მ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დაემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე.

დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა და არანაირ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

მომხდარს გამოეხმაურაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კონფლიქტი ბანალურ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მისი ეთნიკური ნიშნით შემოსვა დაუშვებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ არ არსებობს კონფლიქტი, რომელიც შეთანხმებით ვერ დასრულდება. მან მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კონფლიქტის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოჩენა მიუღებელია ეკონომიკის მინისტრისთვისაც, ნათია თურნავას თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system