თავში

"აზიანებს გულს, თირკმელს, თავის ტვინს..." - ახალი სინდრომი, რომელსაც ბავშვებში კოვიდი ტოვებს

"აზიანებს გულს, თირკმელს, თავის ტვინს..." - ახალი სინდრომი, რომელსაც ბავშვებში კოვიდი ტოვებს
აზიანებს გულს, თირკმელს, თავის ტვინს... - ახალი სინდრომი, რომელსაც ბავშვებში კოვიდი ტოვებს

მედიკოსების თქმით, ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის მნიშვნელოვანი გართულებები გამოვლინდა. 

კორონავირუსის გართულებული ფორმა მხოლოდ 19 წლამდე პაციენტებში ფიქსირდება და მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ეწოდება.

ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, ონკოლოგიის რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ ის არასრულწლოვნებში ვირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ ვლინდება, აზიანებს ყველა სასიცოცხლოდ ორგანოს - მაგალითად გულის პარკუჭებს, ფილტვებს, თირკმელებს, იწვევს ორგანიზმში წნევის ვარდნას და ყველაზე ცუდ ვარიანტში შოკურ მდგომარეობას. 

"თუ ბავშვი მოიხდის კოვიდს და ამის შემდეგ მას დაეწყება ცხელება, მუცლის გამოხატული ტკივილი, რომელიც ჰგავს აპენდიციტს, გულისრევა, ღებინება - ეს არ მივაწეროთ უბრალო ვირუსულ ფაღარათებს. როცა ბავშვი ავადდება კოვიდით, თუნდაც მან დაავადება მოიხადოს უსიმპტომოდ, დაავადების მოხდიდან დაახლოებით 2-6 კვირაში, ვლინდება ეს სიმპტომები. ზოგჯერ შესაძლოა, დაავადების დაწყებისთანავეც იჩინოს თავი. აზიანებს ძალიან ბევრ ორგანოს. ზიანდება კანი, ზიანდება თირკმელები, ზიანდება თავის ტვინი. ამიტომაც ჰქვია მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ძალიან ზიანდება გულის მარცხენა პარკუჭი. სწორედ ის ადგილი, რომელიც ტუმბავს სისხლს და რომლის დაზიანების გამოც კუნთი ვეღარ ახერხებს სისხლის ტუმბვას, ამიტომ ძალიან ქვეითდება წნევა. იმდენად ზიანდება, რომ ვითარდება შოკი და ამ შოკის გამო ვერცერთი ორგანო ვეღარ იღებს სისხლს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ლეტალობა შემთხვევათა 2 პროცენტში. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია" -  ამბობს ღოღობერიძე. 

სამედიცინო დახმარების მყისიერი აღმოჩენა და მკურნალობა ერთადერთი მთავარი პრევენცია და გზაა მის განსაკურნებლად, თუმცა მედიკამენტი - იმუნოგლობულინი, რომელიც მულტისისტემურ ანთებით პროცესს საბოლოოდ ამარცხებს, საქართველოში დეფიციტშია. ბიძინა კულუმბეგოვი სახელმწიფოს პრეპარატის დროულად შესყივდისკენ მოუწოდებს.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს. შესაძლებელია გულის სისხლძარღვების დაზიანება და ანევრიზმების განვითარება. მკურნალობის ტაქტიკა იგივეა, რაც კავასაკის დროს. ბავშვებს სჭირდებათ ინტრავენური იმუნოგლობულინის გადასხმა. 

ეს მედიკამენტი, რომელიც არის ინტრავენური იმუნოგლობულინი, არის დეფიციტური და ამან ჩვენ, შეიძლება, სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. ეს არის ძალიან სწრაფად მოსაგვარებელი საკითხი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ამის შესყიდვა. ეს ძვირიანი სიამოვნებაა. საშუალო წონის ბავშვს, ერთ კილოგრამ წონაზე სჭირდება 8 და 9 ათასი ლარის იმუნოგლობულინი. ამიტომ ამას ოჯახი ვერ გაწვდება" - ამბობს კულუმბეგოვი.

საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის უკვე ათეულობით შემთხვევაა გამოვლენილი. მხოლოდ 42 ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს, ისინი სხვადასხვა განყოფილებებში მრავალპროფილური მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან. საავადმყოფოს პედიატრი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მომართვიანობა ანთებითი სინდრომით საკმაოდ მომრავლდა, თუმცა ლეტალური შემთხვევები არ გამოვლენილა. კლინიკის ხელმძღვანელი კი განმარტავს, რომ სინდრომის განვითარება ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმეზე არ არის დამოკიდებული. 

„ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენთან, 42 პაციენტი შემოვიდა. სპეციფიკური მკურნალობაა და ის დაექვემდებარა ამ მკურნალობას. მხოლოდ ოთხი მათგანი იყო მძიმე და მათი მართვა დაგვჭირდა კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში. ამ პაციენტების რაოდენობა მზარდია, არც არის ეს გასაკვირი, რადგან საქართველოში დღეისთვის ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა ძალიან დიდია. არ არის სავალდებულო ეს სინდრომი განვითარდეს მძიმე დაავადების შემდეგ. უშუალოდ ფაქტი კოვიდის გადატანის არის საკმარისი, რომ ორგანიზმმა უპასუხოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომით,“ - ამბობს პედიატრი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

სპეციალისტის განმარტებით, მულტისისტემური ანთების სინდრომი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც შეეხება რამდენიმე ორგანოსა და სისტემას ბავშვის ორგანიზმში. ის აღნიშნული სინდრომის სიმპტომებსაც განმარტავს: 

„წამყვანი და ძირითადი ნიშანია ცხელება, რომელიც უნდა იყოს 38 გრადუსზე მეტი და ხშირ შემთხვევაში, ცხელების ხანგრძლივობა არის 3-4 დღე და უფრო მეტი. ცხელებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს აუცილებლად ორზე მეტი ორგანოს ჩართვა. შეიძლება გამოხატული იყოს თავის ტკივილი და დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა, შეიძლება იყოს ხველა და ფილტვები იყოს დაზიანებული, ძალიან ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოვლინებები, ისეთი, როგორიც არის ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მუცლის ტკივილი, ხშირია კანზე გამონაყარი, ხშირია სახსრების მხრივ ცვლილებები, ასევე ხშირია ტერფებისა და ხელების შეშუპება, ასე რომ, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი ორგანო, რომელიც შეიძლება არ იყოს ჩართული ამ პროცესში“ - განაცხადა ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ტემპერატურული რეაქციის დროს, თუ ის 38.5-ს არ აღემატება, სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება საფრთხის შემცველია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system