თავში

ბავშვების რაციონი იმუნიტეტისა და თავის ტვინის აქტივობის გასაძლიერებლად - ექიმის რჩევები

ბავშვების რაციონი იმუნიტეტისა და თავის ტვინის აქტივობის გასაძლიერებლად - ექიმის რჩევები
ბავშვების რაციონი იმუნიტეტისა და თავის ტვინის აქტივობის გასაძლიერებლად - ექიმის რჩევები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე იმ საკვებ პროდუქტებს ასახელებს, რომელიც ბავშვისა და მოზარდის კვების რაციონში უნდა შედიოდეს. მისი განმარტებით, აღნიშნული პროდუქტები ხელს უწყობს, როგორ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას, ასევე ტვინის აქტივობის გაუმჯობესებას. 

„მოზარდს რადგან ეხება საქმე, მას უფრო მეტი საკვები ელემენტი სჭირდება, ვიდრე ზრდასრულს. მოზარდების საკვებ რაციონში უნდა იყოს თითქმის ყველაფერი, დაწყებული ცხიმოვანი მჟავებიდან, დამთავრებული ვიტამინებით, ოღონდ არა ხელოვნურად მედიკამენტების გზით, არამედ საკვების გზით. მე უფრო ხაზს გავუსვამ იმ საკვებ პროდუქტებს, რომელიც ძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც საჭიროა რომ პანდემიის დროს სხეული უფრო მომზადებული იყოს, მეორე მხრივ ვიტყვი იმ საკვებზეც, რომელიც ზრდის თავის ტვინის აქტივობას. 

პირველ რიგში, ეს არის იოგურტი. ის არ არის ბოლომდე ათვისებული პროდუქტი. მასში ბევრი პრობიოტიკია. ის შეიცავს ჩვენი მსხვილი ნაწლავისთვის სასარგებლო ბაქტერიებს, როგორიც არის რძემჟავა ბაქტერიები და ბიფიდობაქტერიები. ეს ბაქტერიები მსხვილი ნაწლავის საშუალებით მთელი სხეულის იმუნურ სისტემას ავარჯიშებენ. თუ იოგურტი სახლშია მომზადებული, კიდევ უფრო უკეთესი. მისი დახმარებით ინფექციის ხანგრძლივობაც მცირდება. რა თქმა უნდა, იოგურტი კოვიდს ვერ დაამარცხებს, თუმცა სხეულის იმუნურ სისტემას გაზრდის" - აცხადებს ღოღობერიძე. 

ბოსტნეულს შორის გიორგი ღოღობერიძე სასარგებლო თვისებების კუთხით სტაფილოს გამოყოფს. რაც შეეხება ცილოვან საკვებს, მისი თქმით, ყველაზე ღირებული პროდუქტი კვერცხია. ასევე სასარგებლო პროდუქტია სოკო, რომელიც მისი მტკიცებით, ვირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. 

„ბევრს ჰგონია, რომ სტაფილო მხოლოდ მხედველობისთვის არის კარგი, რადგან A ვიტამინს შეიცავს. ასე არ არის. A ვიტამინი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, რომ ლეიკოციტებს ჰქონდეთ მაღალი აქტივობა. სტაფილოს წვენი ყოველ დილით ძალიან კარგი გამოსავალია. 

ამ პროდუქტებს შორის ყველაზე ღირებული კვერცხია. ჯერ ერთი, ის საკმაოდ იაფია კვების კუთხით, მეორე, ყველაზე სასარგებლოა. კვერცხი ეს არის მომავალი ორგანიზმი, ამიტომ მასში ყველაფერია, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება. მასში არის D ვიტამინი, რომელიც ყველაზე კრიტიკულ როლს ასრულებს კოვიდის შემთხვევაში. ის დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს, რომელიც კუნთების და ორგანიზმის ზრდისთვის არის საჭირო. მთავარია კვერცხი არ იყოს ისე შემწვარი, რომ შავი იყოს. მოხარშული სასარგებლო იქნება უფრო მეტად. თევზის სახით მიღებული ცილები უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხორცის სახით. ზრდასრულებისთვის ხორცი ნაკლებად სასარგებლოა, თუმცა ბავშვებისთვის სასურველია, რადგან ხორცში არგინინია. ეს ერთ-ერთი მერყევი ამინომჟავაა, რომელიც ბავშვის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოიქმნება.

პერიოდულად შეიძლება სოკოს მიღებაც. სოკო შეიცავს თუთიას და გაციება თუ იქნება, მისი ხანგრძლივობა შემცირდება სოკოს მიღების შემთხვევაში. ძალიან ცხადია ის ფაქტი, რომ ხილი და ბოსტნეული უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი. ბავშვმა უნდა ჭამოს რაც შეიძლება ბევრი ციტრუსი, რაც შეიძლება ბევრი ვაშლი, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი. კარგია ნუშიც. ნუში სხვა პროდუქტებთან შედარებით საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ არ არის საუბარი, რომ კილოგრამებით ვაჭამოთ ბავშვს. ის E ვიტამინს შეიცავს, ასევე მაგნიუმს, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს იმუნურ სისტემას. 

რაც შეეხება შაქარს, მას ჩვენ ყოველთვის ვერიდებით ხოლმე. ჩვენ გვინდა, რომ შაქარი მიღებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ მცენარეების საშუალებით. შავი შოკოლადი ამ მხრივ გამონაკლისია. შავი შოკოლადის მიღება სასურველიც არის. ის ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ანთებას აქვეითებს. ის ასევე შეიცავს ფლავონოიდებს და ეხმარება თავის ტვინს,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system