თავში

ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად - გიორგი კეკელიძე

ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად
ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად - გიორგი კეკელიძე

"გურული დღიურების ფონდი" დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს,- ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, დათა პაპას სტიპენდიას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავენ.

"ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად",- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთის მკვიდრს, დათა ვანიშვილს, მავთულხლართების მეორე მხარეს მდებარე სოფლის სასაფლაოზე, დღეს დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გამყოფ ხაზთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” შედეგად ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

დათა ვანიშვილი აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას, აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებდა საკუთარი სახლი დაეთმო. დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტებოდა და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.

დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ვალია ვანიშვილის თქმით, გარდაცვალებამდე დათამ სთხოვა, არ მიატოვოს ხურვალეთში მდებარე მათი სახლ-კარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system