თავში

ბოლნისსა და მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება

ბოლნისსა და მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება
ბოლნისსა და მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. 

როგორც ლიპარტიამ მარნეულის მინიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული სამუშაოები 40 შემასხურებელი აგრეგატით შესრულდება. აგრეგატები დღეს დასავლეთიდან ჩამოაქვთ, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება, ხვალიდან კი მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყება.

"ძირითადი ტექნიკა, რაც ამ სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი, უკვე დასავლეთ საქართველოდან მოდის. ასეთი სულ 40 ერთეულია. დღეს, ერთი მანქანა იმუშავებს ავტოსატრანსპორტო მანქანების დასამუშავებლად, რომელიც გამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რათა გამოირიცხოს ვირუსის გადატანის ალბათობა. დღესდღეობით ეს მანქანა საზღვარზე იმუშავებს და დაამუშავებს მანქანებს.ხვალ და ზეგ შიგნით, მუნიციპალიტეტებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, იმ ადგილებში, სადაც მოძრაობდა ის ქალბატონი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა", - განაცხადა ლიპარტიამ.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო.ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა.

გასულ ღამეს კორონავირუსი აღნიშნული პაციენტის დასაც დაუდასტურდა.

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ის 80 წლის მამაკაცია და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელდა, მათგან 5 კლინიკიდან გაეწერა. კარანტინის რეჟიმში 3 254 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system