თავში

"ჩემი მთავარი ექიმი, ყოფილი პაციენტი, ზურა გურული გახდა" - ნანა გეგეჭკორი

"ჩემი მთავარი ექიმი, ყოფილი პაციენტი, ზურა გურული გახდა" - ნანა გეგეჭკორი
ჩემი მთავარი ექიმი, ყოფილი პაციენტი, ზურა გურული გახდა - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ჩემი კოვიდ თავგადასავალი" - წერს მედიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და რთულ დღეებს იხსენებს.

"ჩემი კოვიდ თავგადასავალი...

----------------------------------------------------------------------------

პროფესიული კარიერის წლებში დაბადების დღე არასდროს გადამიხდია, მეგობრების წრეშიც კი... უცნაური დამთხვევით, მართლა გამონაკლისის გარეშე, ამ დღეს, მორიგეობა ემთხვეოდა ყოველ წელს. მორიგეობიდან მოსულს, ოჯახური გარემოდან მიღებული სიამოვნება და ბავშვების ხელით შესრულებული საჩუქრები ყველაფერს მირჩევნია.2020-ს დაბადების დღე სრულიად განსხვავბული აღმოჩნდა. ამჯერად მორიგეობა არ დამემთხვა. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ამ შემთხვევაში ოჯახური გარემოც ვეღარ გამილამაზებდა დრესასწაულს, ყველანი ბებოსთან მყავდნენ გახიზნული...

ეს იყო მეშვიდე დღე, იმ მომენტიდან როცა კარდიორეანიმაციაში მყოფ პაციენტს, კოვიდ-19-ის დიაგნოზი დავუდგინე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, "კოვიდ-ნეგატიურ" (შინაურულად clean unit-ს, სუფთა განყოფილებას ვეძახით) რეანიმაციაში მყოფ "კოვიდ-უარყოფით" პაციენტს, კორონავირუსი ოჯახის ინფიცირებულმა წევრმა მოუტანა. დიაგნოზის დასმა მე მხვდა წილად. ცხადია "კოვიდ-ნეგატიურ" პაციენტებთან მუშაობისას თავს შედარებითი ლოიალურობის უფლებას ვაძლევდით და მეც ორმაგი ნიღბის ნაცვლად ჩვეულებრივი "ნ95" ნიღაბი მეკეთა. დამცავი სათვალე კი სულაც თავზე მქონდა წამოსკუპებული.

როგორც კი დიაგნოზი სისტემაში დაფიქსირდა, სპეციალური სამსახურისგან წერილი მივიღეთ, ყველამ, ვინც მასთან ვიმუშავეთ, რომ პაციენტი "X"-ის კლასტერი ვიყავით. წერილს დეტალური ინსტრუქცია მოყვა, როგორ უნდა გვედევნებინა თვალი შესაძლო სიმპტომებისთვის და ვისთვის მიგვემართა მათი გამოვლენის შემთხვევაში. ჰოსპიტლის შიდა წესების მიხედვით კარანტინი ჩვენზე არ ვრცელდებოდა და გვევალებოდა ყველა წესის დაცვით გვევლო სამსახურში. მეც წესებს დავემორჩილე. ბავშვები და გიორგი კი ბებოსთან გაიხიზნენ.

იმ დღესაც, ჩვეულებრივ, ფეხით გავუყევი სამსახურისკენ გზას. გზად მომეჩვენა მაყანყალებდა... მსგავსი რამ ქარიან ამინდში მუდმივად მემართება, წონის და სიმაღლის გათვალისწინებით. ხეებს გავხედე, ფოთლები არ იძროდნენ და ქარს ამჯერად ვერ დავაბრალებდი წონასწორობის აშკარა მოშლას, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, გონება ისე მქონდა დაბინდული, მარტივ ლოგიკას ვერ მივყევი...

სამსახურამდე ასე, უცნაური ყანყალით მივედი. ის კვირა საშინლად დატვირთული მქონდა და ეს უჩვეულო შეგრძნებაც დაღლილობას მივაწერე.

პაციენტი "X"-ის კლასტერის წევრობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მავალებდა. ლამის სკაფანდრში ვიმუშავე მთელი კვირა. არც ყავის დასალევად მომიხსნია ნიღაბი. გარიყულივით, მოშორებულ წერტილს ვირჩევდი ეზოში და მარტო ვატარებდი იმ რამდენიმე წუთს, რათა უნებლიედ, ინფიცირების შემთხვევაში, სხვების ახლო კონტაქტი არ აღმოვჩენილიყავი.

უცნაური ყანყალი ვერ მოვიშორე... ერთი საათიც არ გასულა, პირველად წამომახველა. ამან დაბინდული გონებაც კი შეაჯანჯაღარა და წამში დავტოვე ჰოსპიტალი. თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კლინიკას მივაკითხე. ორი გრძელი ბლოკის, სწრაფი ნაბიჯებით, გავლისას ვიგრძენი, ჩემი უსაზღვრო ენერგია სადღაც გამქრალიყო...

ექთანმა, კოვიდის ტესტერით, ლამის ტვინის ნაცხი ამიღო. ზედმეტად მოინდომა რომ ტესტის პასუხი მაქსიმალურად სანდო ყოფილიყო. სასწრაფოდ დავტოვე ჰოსპიტლის ტერიტორია, საერთო ჩატში შევატყობინე ყველა შესაძლო კონტაქტს, რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და სახლისკენ გზას შედარებით ცარიელი ქუჩებით შევუდექი. ცხადია, ორმაგ ნიღაბში, რათა მაქსიმალურად დამეცვა გარემო ჩემგან. სამუშაო საათებში, ქუჩაში ხალხი იშვიათია და სახლამდე ასე მისვლა ყველაზე უსაფრთხო იყო.

ბავშვების და გიორგის საჩუქრები კარებთან დამხვდა... განაჩენის მოლოდინში, დაბადების დღე ფეისთაიმით აღვნიშნეთ. დღის ბოლოსთვის გონებაც უფრო ბუნდოვანი გახდა, წონასწორობას თითქმის ვეღარ ვინარჩუნებდი. ნებისმიერ მოძრაობას საშინელი თავრუსხვევა ახლდა თან. ბავშვების დასანახად თავს ძალა დავატანე რომ წამომჯდარს გამეტარებინა ცოტა დრო. სიმპტომები სწრაფად პროგრესირებდა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, ეს გადაღლილობა იყო და არა კოვიდი... მიუხედავად იმისა რომ კოვიდი უკვე ძალიან კარგად ვიცოდი...

დილის 6-ს როგორც კი გადასცდა ნაცნობი ექთნის ზარმა შემაფხიზლა კოშმარული სიზმრისგან. დროს დავხედე, მივხვდი, კარგი ამბისთვის ასეთ დროს არავინ დამირეკავდა. ჯერ მისი სამუშაო საათებიც კი არ იყო დაწყებული, მაგრამ ჩემი მონაცემები რომ ნახა, უფიქრია, სანამ ოჯახის სხვა წევრებიც მასთან არიან და მარტო არ მოუწევს ამ ამბის გათავისება, ჯობია შევატყობინოო. დაინტერესდა სახლში მარტო ვიყავი თუ არა და თუ მინდოდა მარტოს მომესმინა ტესტის პასუხი. "I am so sorry", ტესტის პასუხი დადებითია - მწუხარე ტონით მამცნო. პაუზას დეტალური ინსტრუქცია მოაყოლა, როგორ უნდა მომევლო თავისთვის. წვრილად გამომკითხა მქონდა თუ არა ყველა საჭირო ნივთი, საკვები, იზოლაციის პირობები და ასე შემდეგ... მექანიკურად ვპასუხობდი, გონებაში კი ამ დროს რამდენიმე წელმა გაიარა. ფილმის კადრებად ჩამირბინეს ჩემი შვილების უჩემოდ გატარებულმა წლებმა, მათი ცხოვრების სხვა და სხვა მნიშვნელოვანმა ეტაპებმა, გიორგის მარტოობამ, დედის შეშლილმა თვალებმა... არ მახსოვს როგორ დავემშვიდობე ექთანს, ტელეფონი დადუმდა, მე კი ფიქრებს ძალიან შორს გავყევი. მალე გონებაც ამუშავდა და კოვიდის ალგორითმები ამოყარა. მიუხედავად მთელს სხეულს მოდებული, უსაშველო კუნთოვანი ტკივილისა, დეტალებში გავიარე საკუთარ თავთან ყველა ინსტრუქცია, როგორ უნდა მემართა, ამჯერად ჩემი კოვიდი, სახლში...

ასე დაიწყო გაუსაძლისი ტკივილების, გონების დაბინდვამდე მისული მაღალი ტემპერატურის, უსაშველო ზოგადი სისუსტის, წონასწორობის სრული მოშლის სამი კვირა. სიმპტომები სწრაფად პროგრესირებდა და ლამის საათობრივად განსხვავებული პაციენტი ვიყავი. მესამე დღეს სამყარომ გემოც სრულად დაკარგა და სუნიც. ჩემივე მომზადებული თევზი ისე მივირთვი, ბოლოში გავიფიქრე, რა უგემური გამომსვლიათქო. მოგვიანებით გამიელვა გონებაში, ეს ჩემი კულინარიული შეცდომა არ იყო, სინამდვილეში ყნოსვის და გემოვნების რეცეპტორებმა დაკარგეს ჩემთან კონტაქტი.

პირველი დღიდან სატელეფონო ზარების პასუხს ვერ ავუდიოდი. ნიუ-იორკის კოვიდ სამსახურების მოკითხვები, დახმარების, იზოლაციის, პროდუქტებით მომარაგების, უამრავი სერვისის შემომთავაზება არ წყდებოდა... სამსახურიდან ცალკე ჩემი დეპარტამენტი, ცალკე რეანიმაციის თანამშრომელები და ცალკე მეგობარ-ნაცნობები მკითხულობდნენ და მაკონტროლებდნენ.

ჩემი მთავარი ექიმი კი ყოფილი პაციენტი, ზურა გურული გახდა. ჩემი ამბავი რომ შევატყობინე ვეხუმრე, ეს შეჯიბრია, იმედია გახსოვს მე რამდენ დღეში დაგაბრუნე ჩვეულებრივი ცხოვრების რითმში. ვნახოთ, შენ თუ შეძლებ იგივეს შენს პაციენტთანთქო.

ოჯახის, რამდენიმე მეგობრის და სამსახურის გარდა, ამბავი საგულდაგულოდ დავუმალე ყველას. არ მინდოდა თბილისში მყოფ დედას ჩემზე შორიდან ედარდა. ცხადია, ყოველდღიურ ჩვეულ ზარებს ვერ შევუცვლიდი დროს და ხასიათს და ხმოვანი დეკორაციების გამოგონება მიწევდა რომ დედას არ ეეჭვა, სამუშაო საათებში, ჩემი სახლში ყოფნა.

ეს ის პერიოდი იყო საქართველოში რომ კოვიდის მასიური ტალღა აგორდა (ოქტომბერი). ტკივილგამაყუჩებლით გაბრულებულ, უსიცხო პერიოდებს სწორედ იმ გზამკვლევების წერას ვახმარდი, ლამის ყოვედღიურად რომ ვპოსტავდი ფეისბუქზე. პირველი ლაივ-ჩართვაც ზუსტად ამ პერიოდში იყო. უკვე ავადმყოფობის ბოლოსკენ ვიყავი და უფრო ხანგძლივად მქონდა უსიცხო საათეები. ალბათ ბევრმა შენიშნა კიდეც, საუბარი არც ისე ადვილი იყო ჩემთვის, განსაკუთრებით საათის ბოლოსკენ, ისე დავიღალე, მეგონა დედამიწას წრეზე შემოვუარე...

პირველი კვირა ბუნდოვნად მახსოვს. ჩაძინების მეშინოდა, კოშმარულ სიზმრებში სულ გველები მესიზმრებოდნენ. გველთან სიახლოვის სიზმარშიც კი სასტიკად მეშინია. რამდენიმე ღამე სიზმარ-გველების შიშით თეთრად გავათენე. ტანზე მილიონობით ცივი ჭიანჭველა დაცოცავდა... რამდენჯერმე, ძილში, ცხელი წყალი გადამესხა და სხეული ისე ცხადად მტკიოდა დამწვრობისგან, ცივ შხაპს შევუდექი სასწრაფოდ. ისტერიულად ვეძებდი დამწვრობის ადგილს. ცხადია, ვერ ვპოულობდი რადგან დამწვრობაც და ცივი ჭიანჭველებიც მხოლოდ ტაქტილური ჰალუცინაციები იყო.

მოგვიანებით მივხვდი, მეხსიერების პრობლემაც დამერთო. ერთ-ერთი ჩვეულებრივი სატელეფონო საუბრისას ნინოს ვკითხე; დედი შენ რა გქვია?... იმდენი ვიწვალე შვილის სახელის გახსენებაში, იძულებული გავხდი მეკითხა. ბავშვი დაიბნა და ინგლისურად მომიგო ''are you kidding?'' მივხვდი რომ კითხვის გამეორება შეაშინებდა, მისმა რეპლიკამ სახელი ვერ აღმიდგინა... ყველაზე მტკივნეული სწორედ მეხსიერების დაბინდვა აღმოჩნდა. ეს კოშმარი რამდენიმე თვე გაგრძლედა. ერთხელ სამსახურიდან მოსული, გაოგნებული ვუყურებდი ჩემი სახლის შესასვლელს და ვერაფრით ვხვდებოდი სად ვიყავი...

მეშვიდე - მერვე დღე უსიცხო გამოდგა. მეგონა კოვიდი უკვე წარსული ხდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ვასრულებდი ყველა იმ წესს რაც ჩვენს მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევში იყო. არ ჩამიტარებია არანაირი კვლევა, ანალიზი, არ მიმიღია არანაირი პრეპარატი ტკივილგამაყუჩებლის გარდა. მე არ მივეკუთვნებოდი არანაირი რისკის ჯგუფს, დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისთვის და შესაბამისად მშვიდად მივუყვებოდი მარტივ წესებს. მეცხრე დილა საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა. ტემპერატურამ 40 ცელსიუსამდე იმატა, ხველას მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა და ძლიერი ტაქიკარდია დაერთო. ჰოსპიტლის "იარში" (Emergency Room) მეგობრების ჯგუფმა გაინაწილა ექთნის, ექიმის, ოჯახის წევრების ფუნქციები და სასწრაფოდ გაიგზავნა ყველა კვლევა და მალევე კომპიუტერული ტომოგრაფიის ლაბირინთში აღმოვჩნდი. ტექნიკოსის ოთახის გამჭვირვალე კედლიდან "იარის" მეგობარი ექიმი მამხნევებდა. ლაბირინთიდან გამომძვრალს ბრენდონი ოთახში აღარ დამხვდა. მივხვდი, დეტალების გასაანალიზებლად კაბინეტში შეიკეტა. მეც ასე მოვიქცეოდი, მნიშვნელოვანი დარღვევა რომ აღმომეჩინა. მისი ფიქრები ადვილად წავიკითხე, დიაგნოზის ასახსნელად რომ მოვიდა საუბრის დაწყებაში შევეშველე; ფილტვები დაზიანებულია, არა? დაახლოებით მესამედი, მომიგო. რახან რესპირატორული ფუნქცია შენარჩუნებულია საშიში ჯერ არაფერია, თუმცა დარჩენა მოგიწევს - ფრთხილად შემომაპარა. საბოლოო გადაწყვეტილება უფროს კოლეგებთან და რეანიმაციის ყველაზე სანდო ექიმთან ერთად მივიღე. გადავწყვიტე, მკურნალობა არ მეჩქარა და საკუთარ იმუნურ სისტემას მივნდობოდი კიდევ რამდენიმე საათი და უკეთეს შემთხვევაში დღე. დინამიკაში მდგომარეობის გაუარესებისას, შევპირდი ყველას, რომ სასწრაფოდ დავრუნდებოდი ჰოსპიტალში.

ჯამში ოცი დღე ვიავადმყოფე, მაღალი სიცხით, გაუსაძლისი მიალგიებით, წონასწორობის დარღვევით, პარესთეზიებით, ძილის სრული მოშლით, გემოვნების და ყნოსვის გაქრობით და უცნაური, უწყვეტი შფოთვით, თუმცა სასუნთქმა სისტემამ გამოწვევას ფილტვების ორი მესამედითაც გაართვა თავი და მკურნალობის და ჰოსპიტალიზაციის გარეშე დავუბრუნდი ჩვეულ ტემპს.

მოგვიანებით გაირკვა, ჩემი ინკუბაციეური პერიოდის კონტაქტებიდან არავინ დაინფიცირებულა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მიწევდა კოლეგებთან სხვა და სხვა პროცედურების დროს. ჩემს მიერ იდეალურად დაცულმა წესებმა, გარშემომყოფები ადვილად დაიცვა კოვრონავირუსისგან (არც ერთი წამით არ მომიხსნია ორმაგი ნიღაბი და დამცავი სათვალე. ხელებს ისეთი სიხშირით ვისტერილებდი, კანი უწყვეტად მეწვოდა ხოლმე).

პოსტ-კოვიდურმა პერიოდმა დაახლოებით სამი თვე გასტანა. პერიოდულად მწვავე ფაზისას გამოხატული სიმპტომები მახსენებდნენ თავს და მალევე ქრებოდნენ. სამსახურში დაბრუნებული, კიდევ რამდენიმე კვირა კედელ-კედელ დავდიოდი, რათა თავბრუსხვევის უეცარი შეტევებისას წონასწორობა არ დამეკარგა.

საახალწლოდ ხაჭაპურს ნაყინისგან გემოთიც ვარჩევდი და სუნითაც.

მას მერე ცხრა თვე შესრულდა. მთელი ეს პერიოდი კოვიდისგან დატოვებული ანტისხეულები, მაღალი ტიტრით შემომრჩა. მეტიც, ჩემი იმუნური პასუხი ძალიან უცნაური გამოდგა. დღემდე მინარჩუნდება ორივე IgG (ქრონიკული) და IgM (მწვავე) ფაზის ანტისხეულები. ეს მდგომარეობა იმდენად ჰგავს კოვიდის მწვავე ფაზის ბოლოს, რომ ზუსტი პასუხი არავის ჰქონდა, იყო თუ არა ვაქცინაცია უსაფრთხო, ან საერთოდ აუცილებელი ასეთ დროს. თითქმის ათი თვე მწვავე ფაზის ანტისხეულები ლიტერატურაშიც კი უიშვიათესად გვხვდება. ამიტომაც აქამდე ვაქცინაციის საჭიროებაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობდა. ერთი კვირის წინ ორივე ანტისხეული ისევ დადებითი აღმომაჩნდა, მაგრამ შედარებით დაბალი ტიტრით, ამიტომაც გადავწყვიტე, Pfaizer-ს დროც მოვიდა. დანამდვილებით ვიცი, რომ Pfaizer-ი დელტა შტამისგანაც სრულად თუ არა, დიდწილად მაინც გვიცავს და ვაქცინაციის აუციელბლობა ეჭვსგარეშე იყო, თუნდაც ორივე ანტისხეულის არსებობის პირობებში.

ეს ისტორია, კოვიდ თავგადასავლის მეორე ეპიზოდია. პირველი ეპიზოდი ჯერ კიდევ აპრილში იყო, მაგრამ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მასზე სხვა დროს მოგიყვებით. მეორე ეპიზოდი ბევრად უფრო მძაფრი სიმპტომებით გამომივლინდა და ფილტვების სერიოზული დაზიანებაც ახლდა თან.

დანამდვილებით ვიცი, კოვიდის მესამე ეპიზოდისგან Pfizer-ი დამიცავს", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system