თავში

ჭიდაობის ფედერაცია იური ლომაძის დაკავებას ეხმაურება - VIDEO

ჭიდაობის ფედერაცია იური ლომაძის დაკავებას ეხმაურება
ჭიდაობის ფედერაცია იური ლომაძის დაკავებას ეხმაურება - VIDEO

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის იური ლომაძის დაკავებასთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაცია ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს. 

უწყების გენერალური მდივანი სპორტსმენს დადებითად ახასიათებს. გიორგი კიკაბიძე ამბობს, რომ ლომაძე უკონფლიქტო და თავაზიანი პიროვნებაა. ჭიდაობის ფედერაცია თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, რომ გამოძიების დასრულებამდე ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავოს.

"წლებია, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრია, ასაკობრივი ნაკრებიდანაც მოდის და არის ძალიან თავაზიანი, ზრდილობიანი, დისციპლინირებული და უკონფლიქტო პიროვნება. გთხოვთ, რომ ნაადრევი დასკვნებისგან უბრალოდ შევიკავოთ თავი. დადგინდება ჭეშმარიტება, გაირკვევა სიმართლე და დარწმუნებული ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ იური დაუბრუნდეს ნაკრებს,“ - განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ.

იური ლომაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. ლომაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობაში დარჩა ხუთივე დაკავებული, მათ შორის შორის ორი ცნობილი სპორტსმენი, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 32 წლის მოქალაქეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბათუმში ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოტივად შურისძიება სახელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system