თავში

ჩინელმა ექიმებმა ქართველ ექსპერტებს გამოცდილება გაუზიარეს

ჩინელმა ექიმებმა ქართველ ექსპერტებს გამოცდილება გაუზიარეს
ჩინელმა ექიმებმა ქართველ ექსპერტებს გამოცდილება გაუზიარეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ჩინეთის სიჩუანის პროვინციის წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებს შორის შედგა რიგით მესამე ვიდეო კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება. მსგავსი შინაარსის შეხვედრები გაიმართა, ასევე, 3 და 20 მარტს. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს. 

"ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მსვლელობისას აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევა. ჩინეთი და საქართველო, როგორც მეგობარი სახელმწიფოები და ახლო პარტნიორები, ერთად იბრძვიან ეპიდემიის წინააღმდეგ. ჩინეთი ღიად, გამჭვირვალედ და დიდი პასუხისმგებლობით მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას კაცობრიობის სიცოცხლეზე და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახელგანთქმულმა ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და საქართველოს სხვა წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნეს იზოლაციის, ვირუსის დიაგნოზისა და მკურნალობის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. მათ, ასევე, გულმოდგინედ უპასუხეს ქართველების შეკითხვებს სწრაფი ტესტების, უსიმპტომო პაციენტების სკრინინგისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ამირან გამყრელიძემ, პირველ რიგში, მიულოცა ჩინეთს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში მოპოვებული დიდი წინსვლა და მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, მათ შორის, უკვე მესამედ ორგანიზებული ვიდეო კონფერენციისათვის. მისივე თქმით, ქართველი ექსპერტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის გამოცდილება, რადგან ეს დაეხმარება მათ ეპიდემიის უფრო სწრაფად დამარცხებაში.

ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტები ყურადღებით მოუსმენენ ჩინელ კოლეგებს და მომავალშიც, იმედია, შეძლებენ ახლო კონტაქტის შენარჩუნებას. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საქართველოს სახელით, დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებასა და სიჩუანის პროვინციას საქართველოსთვის გამოგზავნილი სწრაფი ტესტებისათვის, რომელთა ლაბორატორიული გამოცდის შედეგადაც, ქართული მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბატონმა ამირანმა აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად პეკინში საქართველოსთვის მზადდება კიდევ ერთი რეისი სამედიცინო აღჭურვილობისათვის, რომლის ჩამოსვლასაც მოუთმენლად ელოდებიან" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system