თავში

დასაქმების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

დასაქმების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
დასაქმების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი საქართველოს 8 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი) იქნება.

სასწავლო ტრენინგ კურსი წარიმართება შემდეგი ორი მიმართულებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია და ციფრული კომპეტენცია.

„საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა, გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე.

მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები - ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ (პერსონალური და სოციალური კომპეტენცია) და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA (ციფრული კომპეტენცია). აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.

სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ აღნიშნულ კურსებზე ჩართვას შეძლებს.

სააგენტოს სერვისცენტრების მისამართებია:

ქ. თბილისი: ასათიანის 9; მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;
ქ. ბათუმი - ტაბიძის 2 ა;
ქ. ზუგდიდი - აღმაშენებლის 106;
ქ. ქუთაისი - ტაბიძის 40;
ქ. ოზურგეთი - ჭავჭავაძის 19;
ქ. გორი - გმირების 18;
ქ. თელავი - აღმაშენებლის 41;
ქ. რუსთავი - ცურტაველის 5 ა.

მოკლევადიანი კურსები ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა“, - აცხადებენ სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system