თავში

დედაენის ბაღი საზეიმოდ გაიხსნა - PHOTO

დედაენის ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
დედაენის ბაღი საზეიმოდ გაიხსნა - PHOTO

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა ვითარება გამწვანების კუთხით და ეს ყველაფერი მომავალი თაობისთვის კეთდება.

მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტები დედაქალაქში მომდევნო წლებშიც განხორციელდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ნამდვილად მეამაყება ის, რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. მსიამოვნებს ის, რომ შემოდის საპარკო კულტურა. ყველა სკვერი, ყველა პარკი სავსეა ადამიანებით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ კიდევ მეტი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ, კიდევ მეტი პარკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ, ახალი პარკების მშენებლობა დავგეგმოთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი ევროპაში იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული. ქალაქი, სადაც არასდროს დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობები. ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. პირიქით - ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი სიმწვანე იმისთვის, რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, ჯანსაღად იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი; კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი, ხოლო ერთ-ერთზე გზის დამჭერი კედელი; დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება; დედაენის ბაღში მოეწყო სკეიტპარკი, სავარჯიშო სივრცე, შადრევანი, საბავშვო მოედანი და ძაღლების სასეირნო სივრცე; მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრეთათვის მოეწყო სავაჭრო სივრცეები.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 27 მლნ ლარამდე შეადგინა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system