
ენგურის ხიდზე დღეს ლაპლანდიელი სანტა იმყოფებოდა, რომელიც "მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ელჩია". ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსაკუთრებულ ადგილას. დღეს ეს ხიდი ჯერ კიდევ ყოფს ოკუპირებულ აფხაზეთს და თავისუფალ საქართველოს. მსოფლიოში ჩემი მთავარი დანიშნულება არის, ვიყო მშვიდობისა და სიკეთის ელჩი. ვიცი, რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს და ვისურვებ, რომ მოვიდე შემდეგ წელს ამ ხიდთან და აღვნიშნოთ ამ საზღვრის არქონა. ეს სურვილი საუკეთესო იქნება ქართველებისთვის და მსოფლიოსთვის. ახლა დროა ქართველი ხალხისა და თავისუფალი საქართველოსი. მიყვარხართ, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩმა ენგურის ხიდზე.
ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა.
„სანტა კლაუსი ზუგდიდის შემდეგ ფოთს, ხვალ 2 იანვარს კი მესტიას ესტუმრება. ლაპლანდიელი სტუმარი საქართველოში 9 იანვრამდე დარჩება, ამ ხნის განმავლობაში კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და დედაქალაქს ესტუმრება.
პროექტის ინიციატორები არიან „საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია“ და „ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი“. პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ოქროს სპონსორია მეღვინეობა „ხარება“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სანტასთან მასპინძლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უწევენ.