თავში

"დიდი იმედი მაქვს, ეს კომპანია გაითავისებს სოციალურ პასუხისმგებლობას" - გამყრელიძე

"დიდი იმედი მაქვს, ეს კომპანია გაითავისებს სოციალურ პასუხისმგებლობას" - გამყრელიძე
დიდი იმედი მაქვს, ეს კომპანია გაითავისებს სოციალურ პასუხისმგებლობას - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ბანერის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ქვეყანას არ წაადგება.

გამყრელიძეს იმედი აქვს, რომ სარეკლამო კომპანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართვას გაითვალისწინებს და დავა სასამართლომდე არ მივა.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კომპანია გაითავისებს იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც მას აქვს. დღეს ყველაზე უმნიშვნელოვანესი პროცესისადმი, რასაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჰქვია, დიდი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ყველა კომპანიას. იმიტომ, რომ პანდემიის დამთავრების მთავარი გზა გადის მოსახლეობის ვაქცინაციით რაც შეიძლება მაღალი პროცენტით მოცვაზე. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მივა იმ დავამდე, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ორგანოში უნდა გაირჩეს და ისინი დაჰყვებიან მთლიანად მოსახლეობის ნებას და ჩვენს მიმართვას, რომ დიახ, დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს ვაქცინაცია. იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და მეტ გადარჩენილ სიცოცხლესთან.

მე არ ვიცი, რა იყო ქვედინებები, მაგრამ ვაქცინაციის ბანერის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესი, სადაც ჩანს, რომ "სისხლიანი" ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ფაქტი დაგმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system