თავში

დმანისში ვითარება განიმუხტა

დმანისში ვითარება განიმუხტა
დმანისში ვითარება განიმუხტა

2-საათიანი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დმანისში ვითარება განიმუხტა. დაპირისპირებული მხარეების ნაწილი დაიშალა, თუმცა ნაწილი ამ დრომდე პოლიციის შენობასთან რჩება.

შეკრებილები გამოკითხვის დასრულებას ელოდებიან, რომელიც პოლიციაში დილიდან მიმდინარეობს.

ვითარება დმანისში დღეს დილით დაიძაბა, როდესაც ერთი ჯგუფი გუშინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდა. ადგილზე შეკრებილები ერთმანეთს ქვებით, ხელკეტებითა და სხვასხვა მძიმე საგნებით დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც. 

დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის წარმომადეგნლებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებს არც ერთი ჯგუფის წარმომადგენელი არ დაუკავებიათ. ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. 

შეგახსენებთ, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა. 

დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დღესაც მოხდა, რის შემდეგაც სპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-მ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დაემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე.

დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი ყოფითი საკითხი გახდა და არანაირ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. 

მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კონფლიქტი ბანალურ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მისი ეთნიკური ნიშნით შემოსვა დაუშვებელია. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ არ არსებობს კონფლიქტი, რომელიც შეთანხმებით ვერ დასრულდება. მან მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კონფლიქტის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოჩენა მიუღებელია ეკონომიკის მინისტრისთვისაც, ნათია თურნავას თქმით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system