თავში

დეკანოზი მამალაძე მამა ანდრია სარიამ საპყრობილეში აზიარა

დეკანოზი მამალაძე მამა ანდრია სარიამ საპყრობილეში აზიარა
დეკანოზი მამალაძე მამა ანდრია სარიამ საპყრობილეში აზიარა

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. როგორც გლდანის საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, დეკანოზი როგორც ეკლესიამ, ასევე ხელისუფლებამ გაწირა. 

,,არ არის სახარბიელო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასეთ პირობებში შეუძლებელია მკურნალობის გაგრძელება, ეს არის, რომ ადამიანის დაინვალიდებას შეუწყო ხელი. რა დასკვნებიც ექსპერტებმა გააკეთეს, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ჩემი თვალით ვნახე: ეს არის გაწირვა ადამიანის, როგორც ეკლესიის, ასევე, ხელისუფლების მხრიდან. მას სჭირდება სერიოზული მკურნალობა. ეს უნდა უზრუნველყოს ეკლესიამ, როცა ამბობს, რომ ის ზრუნავს თითოეულ წევრზე ეკლესიისა, მამა გიორგი არ არის ეკლესიასთან მებრძოლი ადამიანი, ის არ არის ეკლესიის მტერი, არასოდეს აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ანტიქრისტიანულია. თხოვნის სახით მითხრა, რომ მასზე ლოცვა გაძლიერდეს, უპირველესად ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა მამა ანდრიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრისა და მისი ზიარების შემდეგ.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

პრეზიდენტის განმარტებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება და დეკანოზის შესაწყალებლად სათანადო არგუმენტები არ მოიძებნა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო და ომბუდსმენთან შეხვედრა მოთხოვა.ნინო ლომჯარიამ დეკანოზი საპყრობილეში მოინახულა. მისი ინფორმაციით, დეკანოზმა სახალხო დამცველის თხოვნა გაითვალისწინა და შიმშილობა შეწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system