თავში

,,ტელესკოლას" ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალი საგნები დაემატა

,,ტელესკოლას" ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალი საგნები დაემატა
,,ტელესკოლას ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალი საგნები დაემატა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და “საქართველოს პირველი არხის” ერთობლივი პროექტი – „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხელ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ დაანონსებისთანავე აღნიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის ტელეგაკვეთილები ჩატარდებოდა, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატებოდა.

დაპირების შესაბამისად, 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაიწყება. სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება.

„ტელესკოლა“საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი – განათლება” (ყოფილი “მეორე არხი”) ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა.

პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

ეთნიკური უმცირესობებისთვის სატელევიზიო გაკვეთილების შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, “საქართველოს პირველმა არხმა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა ერთობლივად განახორციელეს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და “საქართველოს პირველი არხის: ერთობლივი პროექტი – „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და მათ შორის პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system