
თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი, მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს.
მისი თქმით, მღვდელმთავრის არასასურველ კონტექსტში მოხსენიება მოსაწონი არ არის და გადაწყვეტილების მიღება სინოდის პრეროგატივაა.
"წმინდა სინოდის სხდომაზე როგორც ჩანს, ეს საკითხი იყო დაყენებული და კომისიას დაევალა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია, ან შეიძლება სინოდმა თუ მიანიჭა, მე არ ვიცი. მე მგონი, არ ვიყავი იმ სინოდის სხდომაზე. თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები. მე არ მომეწონა, რომ ადგილობრივი მღდელმთავარი ცოტა, არასასურველ, კონტექსტშია მოხსენიებული - "თავი აარიდა", რას ნიშნავს, პატრიარქისთვის წერილი მიუწერია. როგორც ჩანს, იმ წერილში ახსნილი იქნებოდა მოტივები და გარემოებები, რატომ თხოვა, რომ მათ მოიწვიონ, რაღაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო უზრუნველყოფა და თავის არიდება რაღაშია. გამოდის, რომ ეპისკოპოსმა თავის საეპისკოპოსო ვალდებულებას აარიდა თავი? ამ განცხადებაში მე ესე წავიკითხე და ვფიქრობ, ეს არ არის მთლად კორექტული მღვდელმთავრის მიმართ.
ეკლესია საგანგებო ვითარებაში იმყოფება გარკვეულ გარემოებათა გამო, ამას აღარ სჭირდება რაღაც ახსნა და განმარტება. სინოდი ვერ იმართება, გასაგებია რომ ამიტომ რაღაც საკითხებს კომისიები განიხილავენ, ალბათ საჭიროც არის, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მაინც სინოდის პრეროგატივა არის და ადგილობრივი მღვდელმთავრისა, გააჩნია რა საკითხს განიხილავენ და რამდენად ჯდება ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებში", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.