თავში

ექსპერტი: დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა

ექსპერტი: დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა
ექსპერტი: დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა

"საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე და ექსპერტიზის წარმოების პროცესში აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ აქვს",- ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტიმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ამ ეტაპზე დასრულდა მეორე სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი და საქმესთან დაკავშირებით არსებული 14 კითხვიდან პასუხი გაცემულია 8 შეკითხვაზე, რომლებიც ეხება დაზიანებების განვითარებას. 

"ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, ამავდროულად ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილს დაგორებით არ შეეძლო ამ დაზიანებების მიღება, რამეთუ ადგილი უნდა ჰქონოდა სხვა სახის დაზიანებებს. ამავდროულად, ჩვენ გამოვრიცხეთ ყველაზე ყურადსაღები შინაგანი ორგანოების გამოკვლევით ნანახი დაზიანებების, რეტროპერიტონიალური ჰემატომის, სისხლჩაქცევების და მცირე მენჯის რბილ ქსოვილების სისხლჩაქცევების განვითარების შესაძლებლობა სიმაღლიდან დაცემით და შესაბამისად, დავდეთ დასკვნა, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედებით. ასევე, გამოიკვეთა წელის პროექცია, სადაც სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ამ ლოკაციაში ხელკეტის მაგვარი საგნის ზემოქმედებით უნდა იყოს დაზიანება მიყენებული. სავსებით დასაშვებია, რომ დაზიანებები განვითარებულიყო ცემის რეჟიმში. ყველა არის სიცოცხლის დროინდელი,“ - განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system