თავში

ემუქრება თუ არა საფრთხე ბაგრატის ტაძარს - კულტურის სამინისტროს განმარტება

ემუქრება თუ არა საფრთხე ბაგრატის ტაძარს - კულტურის სამინისტროს
ემუქრება თუ არა საფრთხე ბაგრატის ტაძარს - კულტურის სამინისტროს განმარტება

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფი ცდილობს.

მათივე ცნობით, ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით განასხვავებს.

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს. მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული „სარესტავრაციო სამუშაოების“ შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული. ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს.

შეგახსენებთ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა. მიმდინარე წლის 31 ივლისს კულტურის მინისტრი ეწვია ბაგრატის ტაძარს და ადგილზე გაეცნო წინა ხელისუფლების მიერ ბაგრატის ტაძრის „რესტავრაციით“ გამოწვეულ პრობლემებს, რომლებიც ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს. ამის შედეგად დაიგეგმა ტაძარზე კვლევითი (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური) და საპროექტო სამუშაოები, რათა მოხდეს ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა. სწორედ ამის შემდეგ შედგება ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.

შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული “აღდგენითი სამუშაოების” შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს. აღსანიშნავია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძრის “სარესტავრაციო სამუშაოები” წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ.

სახელმწიფოს მიერ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა. 2017 წელს, ქართული ოცნების მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system