თავში

"ეს არის ორი კარგი ადამიანის პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი" - კალაძე

"ეს არის ორი კარგი ადამიანის პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი" - კალაძე
ეს არის ორი კარგი ადამიანის პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი - კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ნაგვის ურნები დამონტაჟდა.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მერიას არ ეკუთვნის და კერძო პირების ინიციატივაა, ხოლო სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ქოთნებია დამონტაჟებული, რომლებშიც რიგი მიზეზების გამო, მცენარეების დარგვა გუშინდელ დღემდე ვერ მოესწრო. 

ის ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებული ჭკვიანი ურნების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირი საუკეთესო მაგალითია იმისთვის, თუ როგორ უნდა დაპროექტდეს და განვითარდეს თბილისის სხვა ქუჩები. 

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩის ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მერიას და მერს, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ თურმე. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ეს არ არის არც მერიის და არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ, ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, ამ პანდემიის პირობებში გაიხსნან რესტორნები და დარწმუნებული ვარ, 1-ლი თებერვლიდან ეს ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება. ამ ორმა ახალგაზრდამ, მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსა ეს მოსასვენებელი სკამები, რომელსაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები. პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ ჭავჭავაძეზე რაც გააკეთესო? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს, მოსწონთ თუ არა, მაგრამ თქვენ, მხედველობაში მაქვს ოპონენტები და ის სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, გინდათ, ყველაფერი კარგი ცუდად წარმოაჩინოთ. მშენებლობები ნგრევად გინდათ წარმოაჩინოთ, კარგი გაკეთებული საქმეები ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, დახმარება არადახმარებად და ა.შ. ჩვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება მოატყუოთ და შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ იმიტომ ვართ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ერთი მხრივ, კარგია, საზოგადოება რეალურად ხედავს - ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

19 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერიამ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განათავსა სკამები, რომლებშიც სანაგვე ურნები იყო დამონტაჟებული. მოგვიანებით ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე, რომელმაც განაცხადა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე სკამები მან განათავსა და სკამებს არა ურნები, არამედ ქოთნები აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system