თავში

Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი გააუქმა

Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი გააუქმა
Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი გააუქმა

20 დეკემბერს Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა. facebook-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღო, რაც დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ. ინფორმაციას თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ეს გვერდები ძირითადად ადგილობრივ ამბებს ავრცელებდნენ. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

facebook-ის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, თუმცა, გამოირკვა, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ და „ქართული ოცნების“ მთავრობასთან. 

წაშლილ გვერდებს შორის იყო რელიგიაზე, "სენსაციურ" სიახლეებსა და მიმებზე ორიენტირებული გვერდები. მათი გამომწერების რიცხვი კი 400-დან 11 000-მდე მერყეობდა. გვერდები ცდილობდნენ თავი ონლაინმედია პლატფორმებად მოეჩვენებინათ (Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge, OnTime.ge და ასე შემდეგ), თუმცა ამ სახელების შესაბამისი გამოცემები ინტერნეტში არ იძებნებოდა.

facebook ადმინისტრაცია განმარტავს, რომ დაახლოებით 442 300 ათას ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული და 2100 ადამიანი იწერდა ერთ ან მეტ ყალბ ინსტაგრამ ანგარიშს.

როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.

რაც შეეხება თანხას, ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში. როგორც Facebook-ში აცხადებენ, გამოძიებაში მათ ე.წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.

კომპანიის ინფორმაციით, ქართულ გვერდებთან ერთად ვიეტნამსა და აშშ-ში შექმნილი ექაუნთები წაშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system