თავში

"ფორმულას" ჟურნალისტი წყლის ჭავლით დაშავდა

"ფორმულას" ჟურნალისტი წყლის ჭავლით დაშავდა
ფორმულას ჟურნალისტი წყლის ჭავლით დაშავდა

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე სახის არეში დაშავდა.

ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ელისო ჯარიაშვილი მის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ჟურნალისტს წყლის ჭავლი სახეში დაუმიზნეს. 

"ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, გადაღებაზე წყლის ჭავლი სახეში დაუმიზნეს და მედიის სამუშაო სატვირთო მანქანიდან გადმოაგდეს!

მადლობა, ვინც დროულად დაეხმარა!" - წერს ჯარიაშვილი. 

ამასთან, წყლის ჭავლით დაშავდა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორიც.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ცესკო-ს შენობასთან მიმდინარე აქციის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე განახლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით მეორედ დაშალეს.

წყლის ჭავლის მეორედ მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ტერიტორიაზე განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმის კორდონმა არ მისცა.

ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეხლა-შემოხლას აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის. აქციის მონაწილეები კორდონს აწვებოდნენ და მის გარღვევას ცდილობდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი.

ცოტა ხნის წინგანცხადება გააკეთა"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ და შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოქალაქეების ნაწილმა ცესკო-სთან აღმართული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა. წყლის ჭავლის გამოყენების დროს კი მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდენმე ადამიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ უკან დაბრუნდნენ და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციაზე, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, გაურკვეველი, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა გაზის მსგავსი ნივთიერების გაშვების შედეგად გაძნელებული იყო სუნთქვა. მისივე ცნობით, აქციაზე ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც აქციის მონაწილეებს ატყობინებს, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ადგილზე მობილიზებულია სპედანიშნულების რაზმები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა

საპროტესტო კოლონა რუსთაველის გამზირიდან ცესკო-ს მიმართულებით მას შემდეგ გაემართა, რაც ოპოზიციის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა. რუსთაველზე გამართულ აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system