თავში

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არაადამიანური მოპყრობისგან დაცული არ არიან - ომბუდსმენი

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არაადამიანური მოპყრობისგან დაცული არ არიან - ომბუდსმენი
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არაადამიანური მოპყრობისგან დაცული არ არიან - ომბუდსმენი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცული არ არიან. ამის შესახებ ანგარიშს ომბუდსმენის აპარატი აქვეყნებს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები არ მიეწოდებათ, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში ვერ უზრუნველყოფს.

„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. პაციენტებს არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში. არსებული მწვავე პრობლემების ფონზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

„დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე. პაციენტთა ნაწილი მედიკამენტების მინიმალურ თერაპიულ დოზას იღებს და მათ არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ინფორმირება, განათლება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ჩართვა.

შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაუმართავია. მრავალ ადგილიან საერთო პალატებში არის გადატვირთულობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები. შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ფონზე, დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ იმის გამო, რომ თემში არ არის საჭირო სერვისები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაწესებულებაში ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა არ ხდება.

„პაციენტები, ვერ იღებენ დროულ და სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიულ დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა რეალურად მათ არ შეუძლიათ დაწესებულების სრულიად ან დროებით საკუთარი ნებით დატოვება. დაწესებულებაში არ არის დანერგილი საჩივრების განხილვის მექანიზმი. ბენეფიციარების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ახლობლებთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან პერსონალის კეთილ ნებაზე, შესაბამისად, პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი.

დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი მითითებები და კვალიფიკაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება, ხოლო როდესაც ასეთი გამწვავება ხდება, ვითარების არაძალისმიერი განმუხტვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ნაცვლად, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზების მიზნით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს.

ანგარიში ეფუძნება სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2020 წლის 15-16 სექტემბერს განხორციელებულ საგანგებო მონიტორინგის ვიზიტს“, - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ანგარიში: https://bit.ly/3uQcUEl

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system