თავში

გახარია: საქართველოში საკარანტინო ზონების შექმნას ჯანმო-მ ტაში დაუკრა

გახარია: საქართველოში საკარანტინო ზონების შექმნას ჯანმო-მ ტაში დაუკრა
გახარია: საქართველოში საკარანტინო ზონების შექმნას ჯანმო-მ ტაში დაუკრა

საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტირიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და მან გაამართლა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

პრემიერის განმარტებით, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტაში დაუკრა.

„მინდა, ეკონომიკის სამინისტროს უაღრესად დიდი მადლობა გადავუხადიო, ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა უზარმაზარი რისკი. შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, გვახსოვს იტალიიდან შემოსული ინფიცირებულების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან... ეს ხალხი ყველა დღეს თავისი, ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს იყო დამსახურება პირველ რიგში ექიმების. მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის, როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სულ რამდენიმე კვირაში, ტაშს უკრავდა. ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანზიაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოში საკარანტინო ზონები 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა და ამჟამად ამ სივრცეებში 4 000-მდე პირი იმყოფება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ინფიცირების ახალი შემთხვევები სწორედ საკარანტინო ზონებში დასტურდება, რადგან ყველა, ვინც ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან ბრუნდება, სავალდებულო კარანტნს გადის. 

„ერთი ადამიანი ვერ გამოდის საკარანტინო ზონიდან ისე, თუ არ ჩაუტარდა PCR ტესტირება. ბოლო სამი თვის შრომის შედეგია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ახალი ინფიცირების შემთხვევები ძირითადად მოგვდის საკარანტინო სივრცეებიდან, რადგან ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში ბრუნდებიან, თავისით სახმელეთო საზღვრებით ან საჰაერო საზღვრით სახელმწიფოს დახმარებით, არიან კომფორტულ პირობებში საკარანტინო ზონებში, რომლის დატოვების შემდეგ, უტარდებათ შესაბამისი ტესტირება და თუ საჭიროა მიმდინარეობს, მათი მკურნალობა. ამიტომ საკარანტინო ზონების შექმნა იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი, რაც ახლავე მინდა, ვაღიარო, იყო ის შესაძლებლობა, რომლებმაც ჩვენ მოგვცა შანსი, ამ გაურკვეველ პირობებში, სწრაფი ტესტირების ეფექტურობის, არაეფექტურობის, მათი შეძენის, მსოფლიოში უამრავი რიგების, გაურკვეველი ათასი შარლატანის გამოჩენის, რომელიც ტესტირებას სთავაზობდა მთავრობას, როგორც სამინისტროების, დეპუტატების და კიდევ ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი PCR ტესტირებისa და გვქონდა ეფექტური საკარანტინო ზონები“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system