თავში

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - VIDEO

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს  - VIDEO

ქართველი სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ახალგაზრდები, რომლებიც უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, განათლების სამინისტროს ახალ რეგულაციას აპროტესტებენ. 

კერძოდ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამი ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებს, მობილობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში გადმოსასვლელად, უნარჩვევებში გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

განათლების სამინისტროსთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. პროტესტს მხარს უჭერს მოძრაობა "შეცვალე", რომლის წევრებიც სამინისტროსთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობაში შემსვლელ და გამომსვლელ თანამშრომლებს სტვენითა და შეძახილებით აცილებენ. ისინი ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს სამინისტროს შენობასთან კორდონი აქვთ მოწყობილი.  

ცნობისთვის, სამინისტროს რეგულაციას სულ 350-მდე ქართველი სტუდენტი აპროტესტებს. ისინი მობილობას უგამოცდოდ ითხოვს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრო მათ ხელოვნურ ბარიერებს უწესებს.

სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა განათლების სამინისტრო. სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ეკა რურუა განმარტავს, რომ აღნიშნული ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან და შესაბამისად მათზე ქართული კანონმდებლობა მოქმედებს, თუმცა, ისინი ოთხი გამოცდის ნაცვლად, მხოლოდ უნარების გამოცდას ჩააბარებენ. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ სტუდენტებს გამოცდის ჩანაცვლებაც შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს.

„აღნიშნულ პირებთან შედგა სამინისტროში შეხვედრები იანვარში. მათ შეხვდა მინისტრის მოადგილე ნინი მიცკევიჩიც. საგულისხმოა, რომ ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ვინც მოიპოვებდა სწავლის უფლებას უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, უნარების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. მათ მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება, ანუ დაადასტურეს იქაური კანონმდებლობა და ჩაირიცხნენ. ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაკმაყოფილებული. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ოთხი საგნის ჩაბარება. ამ პირებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და უნდათ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლა, უწევთ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება“, – აცხადებს ეკა რურუა.

სტუდენტები განათლების სამინისტროსთან დღეს გზის გადაკეტვასაც აპირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system