თავში

გარკვეულ ზონებში საბურავებისა და ჯართისა რეალიზაცია იკრძალება

გარკვეულ ზონებში საბურავებისა და ჯართისა რეალიზაცია იკრძალება
გარკვეულ ზონებში საბურავებისა და ჯართისა რეალიზაცია იკრძალება

საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სანქციების შესახებ ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა და ამ დრომდე, სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. 

ვიცით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, როგორ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა, ძალიან ეფექტიანად იმუშავა - ამ დრომდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კანონს ზოგიერთ შემთხვევაში, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებიც არღვევდნენ, როდესაც ქუჩებში ქვის მშრალი წესით დამუშავებას ახდენდნენ.

"იმავე კანონში, რომელიც ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, იყო კიდევ ერთი მუხლი, რომელიც კანონქვემდებარე აქტის მიღებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას გვავალდებულებდა. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, მსგავსი მასალების რეალიზაცია აიკრძალება ისეთ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალებით ვაჭრობენ, ახალი რეგულაციების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. მათ სავაჭრო საქმიანობის კანონმდებლობით დაშვებულ ადგილებში გასაგრძელებლად, გონივრული ვადა მიეცემათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system