თავში

,,გაუქმდეს კომენდანტის საათი" - შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა

,,გაუქმდეს კომენდანტის საათი" - შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა
,,გაუქმდეს კომენდანტის საათი - შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა

შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქცია თბილისში, ხვალ, 23 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყება.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშვიდობიანი მანიფესტაცია არის სრულიად აპოლიტიკური, საზოგადოების ჯანსაღი მოთხოვნის შესაბამისი რეაქცია. საპროტესტო აქცია არ არის პერმანენტული ხასიათის.

,,ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე 23 იანვარს, შაბათს 3 საათიდან და ვიშლებით 6 საათზე. ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ 6 საათზე დააფიქსირონ პროტესტი "სიგნალის" სახით სადაც არ უნდა იყვნენ. პოლიტიკურ სუბიექტებს ვთხოვთ თავი შეიკავონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან. გთხოვთ, არ განათავსოთ არანაირი აუდიო აპარატურა! აქცია არის მდუმარე ხასიათის!

გთხოვთ, ატარეთ პირბადე, დაიმუშავეთ ხელები ხსნარით. თუ არსებობს რისკი, რომ თქვენ გაქვთ კორონა ვირუსი ან წარმოადგენთ რისკის ჯგუფს - არ გამოცხადდეთ აქციაზე. ატარეთ სადეზინფექციო სითხე და დაიმუშავეთ ხელები ხშირად! დაიცავით სოციალური დისტანცია. აქციის ორგანიზატორები არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას თქვენს ჯანმრთელობაზე ან სახელმწიფოსაგან განხორციელებულ აღმკვეთ ქმედებებზე. ქართული საზოგადოება უნდა მიეჩვიოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას!

მოთხოვნები არის ძალიან კონკრეტული, შემდეგი შინაარსის:

1) გაუქმდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორც საქალაქო, ასევე საქვეყნო მასშტაბით.

2) მიეცეს კერძო სექტორს თავისუფლად ოპერირების საშუალება, როგორც საკურორტო ზონებში ასევე სრულიად საქართველოს მასშტაბით.

3) გაუქმდეს კომენდანტის საათი.

ამავდროულად, ვიღებთ პასუხისმგებლობას ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, მოვერიდოთ საზოგადოებრივ თავყრილობებს, დავიმუშავოთ სპეციალური ხსნარით ხელები, კერძო სექტორი პასუხისმგებლობას იღებს მის ობიექტებში კოვიდ რეკომენდაციების გატარებაზე . ამ კონკრეტულ შეზღუდვებზე ჩვენ ვართ თანახმა და არ მოვითხოვთ მათ გაუქმებას.

თუ წარმოვადგენთ რისკის ჯგუფს ან შესაძლოა გვქონდეს კორონა ვირუსი პასუხისმგელობა არის ჩვენზე, ნუ გამოვალთ გარეთ და დავემორჩილოთ თვითიზოლაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი საზოგადოება და არ გვჭირდება "ჭკუის მასწავლებელი" მთავრობის სახით", - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

ცნობისთვის, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

როდის რა შეზღუდვა მოიხსნება - ყველაფერი დეტალურად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system