თავში

"გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!" - გაფრთხილება

"გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!" - გაფრთხილება
გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე! - გაფრთხილება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები - ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი გაურთულებელი კორონავირუსის სახლის პირობებში მართვის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ და ვრცელ გზამკვლევს ავრცელებენ, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ, რაც კონკრეტულად, მედიკამენტების მიღებას ეხება:

"ცხელების; კუნთების, სახსრების და თავის ტკივილის მართვა შეიძლება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით.

ხველის რეფლექსის დათრგუნვა აუცილებელი არ არის, თუ ის სერიოზულ დისკომფორტს არ გიქმნით.

დიაბეტით დაავადებულებმა ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა. დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქციეთ და თავიდან აიცილეთ მათი გამწვავება. მედიკამენტოზური მკურნალობა:არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!

ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).

გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!!

ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგან ორგანოებში, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით ნანახი იქნა მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად! მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. სტეროიდების ნაადრევი გამოყენება დააქვეითებს იმუნურ პასუხს და ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს ინფექციასთან ბროძოლაში. ასევე, სტეროიდების არამიზნობრივი გამოყენება შეიცავს რთული ბაქტერიული ინფექციის განვითარების საშიშროებას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავიდან სისხლდენის განვითარებას!ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე!

კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.

ივერმექტინი არ გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ არც ევროპული არც ამერიკული გაიდლაინების თანახმად!

თეორიულად მას გააჩნია ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ამ ეფექტის განსახორციელებლად საჭიროა მისი გამოყენება დაშვებულ თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზით. ასეთი დოზა კი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია! ივერმექტინის არამიზნობრივად, არათერაპიული დოზებით გამოყენება სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

დღესდღეობით არ არსებობს არცერთი სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც კოვიდ-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, სახლში დარჩენილ პაციენტებში გამოიყენება. გარდა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილისა რაც საქართველოში სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 

ვიტამინები. 

არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს "ც" ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი და არაპირდაპირი მტკიცებულება "დ" ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით; თუმცა მას კოვიდ სიკვდილიანობაზე გავლენა არ აქვს!არ შეშინდეთ! პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებებში არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას აუცილებელი არ არის", - აღნიშნულია გზამკვლევში.

გზამკვლევი ვრცლად 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system