თავში

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს
ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისის საკრებულოში. მოძრაობა ,,გაბედეს" აქტივისტებმა საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატის კაბინეტში კარავი გაშალეს და კარს სტიკერები მიაკრეს. მათი მოთხოვნაა გადადგეს ერეკლე კუხიანიძე დაკავებული თანამდებობიდან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატს ოთახში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ, რასაც მათსა და დაცვის პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ შესაძლოა, აქტივისტებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინონ.

„არ აქვთ ლეგიტიმაცია აქ ყოფნის. აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ძალას. აქ ჩატარდება დათვალიერება და იქნება რეაგირება“, - განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძემ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის გადადგომის მოთხოვნით "სამოქალაქო მოძრაობისა" და "შეცვალეს" ორგანიზებული აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ დე-ფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

როგორც კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ვაჟა გაფრინდაშვილმა კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ და პროვოკაციაზე მიზანმიმართულად წავიდა. მისი ოჯახი კი სახელმწიფოს უპირისპირდება, რაც კუხიანიძეის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 15 დეკემბერს ექიმის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელსაც უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. დეპუტატებმა თანაგუნდელის საქციელი დაგმეს და განაცხადეს, რომ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system