თავში

ირაკლი ღარიბაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
ირაკლი ღარიბაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. 

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრის პრესსამსახურის ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვასაც დაესწრო.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს. ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ქაქუცა არ შეურიგდა ქვეყნის ოკუპაციას და ბოლშევიკების წინააღმდეგ განაგრძო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. მისი მხედრული შემართება, სიმამაცე და სამხედრო ნიჭი არაერთ ბრძოლაში გამოვლინდა. ქაქუცა ჩოლაყაშვილის მსგავსი გმირები გვაჩვენებს, რომ საქართველო არასოდეს ურიგდებოდა მისი თავისუფლების დაკარგვას და ყველა სიტუაციაში განაგრძობდა ბრძოლას.
ჩვენი ვალია, სწორედ ასეთი გმირების და პატრიოტების მაგალითებზე აღვზარდოთ მომავალი თაობა და ერთად, ხორცი შევასხათ იმ მიზნებსა და ოცნებებს რაც მათ ამოძრავებდათ. ასეთი მიდგომით აუცილებლად შევქმნით ჩვენი წინაპრების საოცნებო საქართველოს - ერთიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობით"
- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში 21 წლის ასაკიდან მსახურობდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეც. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ქაქუცა პარტიზანულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და წითელი არმიის წინააღმდეგ შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც ის 1930 წელს გარდაიცვალა. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში გადმოასვენეს და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system