თავში

იუსტიციის მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა საზოგადოებრივი ცენტრი

იუსტიციის მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა საზოგადოებრივი ცენტრი
იუსტიციის მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა საზოგადოებრივი ცენტრი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 74-ე საზოგადოებრივი ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში გახსნა. 

პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში კომფორტულ გარემოში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ანა ჩერნიშოვა, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები.

თეა წულუკიანმა, ადგილობრივ მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, დონორი ორგანიზაციის − გაეროს განვითარების პროგრამის − (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანა ჩერნიშოვამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები წარმოადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისის სწრაფად, კომფორტულ გარემოში მიღებას. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად მარნეულში უწევდათ ჩასვლა. საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე 6 სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით. საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც.

ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მხარდაჭერით განხორციელდა. გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP), შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის − ყაჩაღანისა და ჭრებალოს − მშენებლობა დააფინანსეს. შესაბამისი ხელშეკრულება გაერო-ს განვითარების პროგრამასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 26 თებერვალს გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system