თავში

ჯარიმები ძალაში რჩება - სად ვერ მოიხსნით პირბადეს

ჯარიმები ძალაში რჩება - სად ვერ მოიხსნით პირბადეს
ჯარიმები ძალაში რჩება - სად ვერ მოიხსნით პირბადეს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება; საზოგადოებრივი კვების ობიექტები იმუშავებენ 00:00 საათამდე, აგრეთვე, სასტუმროებს სტუმრებისთვის შეეძლებათ 00:00 საათამდე ამუშაონ რესტორნები, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა ძალაში რჩება.

„დახურულ სივრცესა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ის სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, ძალაში დარჩება; როგორც კი გამოქვეყნდება მთავრობის შესაბამისი დადგენილება, მისი გამოქვეყნებისთანავე ეს დადგენილება შედის ძალაში და მოქალაქეები შეძლებენ პირბადის ტარების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელონ; 00:00 საათამდე მუშაობის განრიგი ეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომელთაც ისედაც ეხებოდათ რეგულაციები. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ღამის კლუბების მუშაობა მთლიანად აკრძალულია,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, 00:00 საათამდე მუშაობასთან დაკავშირებით რეგულაცია შეეხება საკურორტო სეზონებზე არსებულ ღია დაწესებულებებსაც.

„ვნახოთ, სამომავლოდ რა სიტუაცია გვექნება. საბჭოს ყველა სხდომაზე განიხილება რეგულაციების შემსუბუქების საკითხი. ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა რეგულაცია და ის მინიმუმი, რაც არის ცხადია, განსჯის საგანი იქნება და იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები. საბჭოს ყველა სხდომაზე განიხილება ეპიდვითარება და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, რესტორნები იმუშავებს მხოლოდ ღამის 00:00 საათამდე, ხოლო შეზღუდვა, რომელიც დარჩა, უპირველესყოვლისა, ეხება ღამის კლუბებს და მათი მუშაობა კვლავინდებურად შეზღუდულია. 

„შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია არის დიდი, პირობითად რომ განვიხილოთ, მაგალითად ბაზრობები, ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, პირველ რიგში, ერთმანეთს და იქ, პირბადე უნდა ვატაროთ.

ზოგადად, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია კვლავინდებურად რჩება რეკომენდაციად - პირბადის ტარება რეკომენდებულია, იმისთვის, რომ ნაკლები რისკი იყოს ვირუსის გავრცელების“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ასევე სავალდებულო რჩება პირბადის ტარება ბაზრებსა და ბაზრობებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system